თეგებით ძიება

უტარებდა ტრენინგებს სხვადასხვა ენჯეო, ამ ტრენინგებით მოვედით აქამდე, დაამუშავეს ეს ბავშვი კარგად - ნიკო მანაგაძის დედა

აქტივისტ ნიკო მანაგაძის მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილის წახალისება ოპოზიციონერების მხრიდან ხდება. დედა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და პრემიერ-მინისტრს, მმართველ გუნდსა და ძალოვან უწყებებს მიმართავს. ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ მისი შვილის ცემის საქმეში მონაწილე პირები დაისჯებიან.

მანაგაძის დედა არც იმას გამორიცხავს, რომ მის შვილზე თავდასხმის უკან "ნაციონალური მოძრაობა" იდგეს.

ნიკო მანაგაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, რომელიც ენჯეო სექტორის მხრიდან იყო დაორგანიზებული, მათ შორის - სხვადასხვა ტრენინგში.

“აირჩია სკოლამ თვითმმართველობის თავმჯდომარედ, დაჰყავდათ და უტარებდა ტრენინგებს სხვადასხვა ენჯეო. რასაკვირველია, ამ ტრენინგებით მოვედით აქამდე, ხან მოჰქონდა ბროშურა, "არა ბულინგს" ეწერა, ხან - რა და ხან - რა. ეს ბავშვი იცვლებოდა ნელ-ნელა და ცივდებოდა, დაამუშავეს ეს ბავშვი კარგად. დიახ, არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვსაუბრობ.

ალბათ, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობს. ბოლოს გააჟღერეს "ნაცმოძრაობის" წევრი ნიკოო, "ნაცმოძრაობის" წევრი არც არასდროს ყოფილა და არც იქნება.

ის გუნდი ჩვენ გამოვიარეთ უკვე, იყო ხელისუფლებაში, აკეთებდნენ და გაუკეთებიათ არაერთი, იმიტომ, რომ სჭირდებათ ეს სცენარები, ყველაფერი შესაძლებელია.

მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ არ გამოვრიცხავ. ველოდები გამოძიებას,“ - აცხადებს "კურიერთან" სატელეფონო საუბარში, ნიკო მანაგაძის დედა, ვიკა წიტაიშვილი.

თავად ნიკო მანგაძე კი ამბობს, რომ ეს ფაქტი მისთვის არის მიუღებელი და "ნაციონალურ მოძრაობას" მომხდარი ინციდენტის მიღმა ვერ ხედავს.

"ბევრს, თუნდაც "ოცნების" მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანს, შეიძლება, ჰქონდეს ეგეთი დამოკიდებულება. მაგის გამოყენება, რომ შენი მშობელი იდეაში უშვებს, რომ ნებისმიერი მხარე შეიძლება ყოფილიყო ეგ, ძალიან არასწორია. ეგეთი დაშვებაც კი რომ არსებობდეს, შეეძლოთ, უმარტივესად, ცხელ კვალზევე დაეკავებინათ,“ - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე.

ინციდენტი 7 ივნისს, უნივერსიტეტთან მოხდა. სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს, პირველ კორპუსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა