„ეს სახუმარო საქმე არ არის! ეს სერიოზული გამოძიების დაწყების საფუძველია!“ - ადვოკატი ელზა ჯმუხაძე საზოგადოებას თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
ადვოკატი, ელზა ჯმუხაძე საზოგადოებას საქართველოში მოქმედი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.
„ყურადღება, მეგობრებო!
განსაკუთრებული ყურადღება!!!
ე.წ. ქოლცენტრების პრინციპით საქართველოში ახალი სქემა ამოქმედდა:
ვრცელდება აბსოლუტურად ცრუ, გუგლის სათარგმნი პროგრამით გადმოქართულებული , თაღლითური მიზნით შეთხზული, ე.წ. ,,მყვირალა,, სათაურებით და ცნობილი ადამიანების სურათებით გაფორმებული ტექსტები, როგორც, ვითომდა, ექსკლუზიური მასალა!
ამ კონკრეტული ტექსტის თანახმად, რომელსაც მე დღეს დილით წავაწყდი, ვითომდა, ,,რუსთავზე ,, (რუსთავი 2 ,, - ზე კი არა!!!) გიორგი გაბუნიასთან სტუდიაში მყოფი კახა კალაძის მობილური ტელეფონის ეკრანზე შემთხვევით გამოჩნდა აპლიკაცია, რომლის გამოყენებითაც , გაირკვა, რომ კახა კალაძე მილიონებს შოულობს...
დაფეთებულა ეროვნული ბანკი!
მაშინვე დაურეკავს ,,რუსთავში,,
ამტყდარა ამბავი და
ბოლოს მოუპოვებიათ გიორგი გაბუნიას ინტერვიუ კახა კალაძესთან, სადაც კალაძე იძულებული გამხდარა, გიორგი გაბუნიასთან იქვე , რუსთავის პირდაპირ ეთერში ეღიარებინა, რომ იყენებს კომპანია სოკარის აპლიკაციას (აპლიკაციის ბმული იქვეა)
თურმე, სულ რაღაც, 500 ლარის ტბს ბანკის კონკრეტულ ანგარიშზე შეტანით წამოსულა კახა კალახის ანგარიშზე იმდენი ფული, რომ დათვლას ვეღარ აუდის ადამიანი!
საკმარისია იყოთ ისეთი გულუბრყვილო, რომ ამ ტექსტში მოტანილი სრული სისულელეები დაიჯეროთ
და საკმარისია, წაგძლიოთ ცნობისმოყვარეობამ და გადახვიდეთ ბმულებზე, რომ თქვენ
ავტომატურად ჩავარდებით მოჯადოებულ წრესა და თაღლითების ხელში!!!
დაგირეკავენ დღეში ათასჯერ!
ტელეფონის ნომრებს დაუბლოკავთ?
უთოდან, მაცივრიდან, სარეცხი მანქანიდან
მაინც დღეში ასჯერ დაგირეკავენ, რუსულ ენაზე შეეცდებიან, დაგარწმუნონ, რომ ოცნებობენ, როგორ გაგამდიდრონ , რისთვისაც
თქვენ მხოლოდ 500 ლარი უნდა გარისკოთ...
შემდეგ კი შეგიძლიათ მხართეძოზე წამოწვეთ და ფულის დამთვლელი მანქანა მიუშვათ საქმეზე, რადგან მამაპაპური ხერხით შემოსავლის დათვლას ვეღარ შეძლებთ!
ამ თაღლითობის მთავარი საფუძველია მყვირალა სახელების და კომპანიების გამოყენება, რითაც არაერთი გაუცნობიერებელი ადამიანის მონადირებას ნამდვილად შეძლებენ!!!
დასადგენია და დადგენადია ეს თაღლითები საიდან მოქმედებენ!
საგულისხმოა, რომ ამ კონტენტის შემქმნელმა ქართული ენა არ იცის;
სამაგიეროდ, იცის ცნობილი ადამიანების გვარები და სახელები , რასაც ხაფანგში ყველის ფუნქციით იყენებს!
ეს სახუმარო საქმე არ არის!
ეს სერიოზული გამოძიების დაწყების საფუძველია!“ - წერს ელზა ჯმუხაძე.