გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა.
„ეს არის ძლიერი სიგნალი, რომელსაც ვუგზავნით უკრაინას, რომ მხარს დავუჭერთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ასევე არის ძლიერი სიგნალი პუტინისთვის, რომ ჩვენზე მეტის გაკეთებას ვერ შეძლებს. ამასთან, ეს არის სიგნალი, რომ ევროპელი გადასახადის გადამხდელები არ იხდიან ზარალისთვის, რომელსაც პუტინი ამ აგრესიული ომით იწვევს, არამედ თავად პუტინი იხდის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალებზე მოლაპარაკებები უახლოესი კვირების განმავლობაში დასრულდება.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ყოველწლიური სამიტის ფარგლებში ამჟამად იტალიაში იმყოფებიან. სამიტის პირველ დღეს ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.