მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს რუსეთის ახალი რეგიონები და კიევმა ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე უარი თქვას - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს „რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიები“. ასეთ ტერიტორიებს შორის კრემლის ლიდერმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაასახელა.
მისივე თქმით, მოსკოვს ასევე სურს, რომ კიევმა ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარი თქვას. პუტინის განცხადებით, როგორც კი უკრაინა ოფიციალურად განაცხადებს, რომ უარს ამბობს ნატოში გაწევრიანების გეგმაზე, რუსული მხარე დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს და დაიწყებს მოლაპარაკებებს.
„მზად ვართ, ხვალვე მივუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას. გვესმის, რომ სიტუაციას აქვს იურიდიული ნიუანსები, თუმცა იქ [უკრაინაში] არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება, ვისთანაც მოლაპარაკებების გამართვა შეიძლება. ჩვენ მზად ვართ. რუსეთის მონაწილეობის გარეშე უკრაინასთან დაკავშირებით, ისევე როგორც მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მშვიდობიანი გადაწყვეტილების პოვნა შეუძლებელია“, - განაცხადა პუტინმა.