"დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ საგულშემატკივრო ისტორიებს შორის თავის ადგილს აუცილებლად დაიკავებს" - რას წერს შოთა არველაძე?
Wolt-ის კურიერი შადიმან ხარშილაძე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისიდან გერმანიაში სკუტერით ჩავიდა.
ეროვნული ნაკრების ცნობით, მან რეკორდი დაამყარა და სკუტერით კურიერული მომსახურება ყველაზე დიდ დისტანციაზე განახორციელა. სკუტერით 12-დღიანი მისი მოგზაურობა თბილისიდან დაიწყო და გერმანიის ქალაქ ფელბერტში დასრულდა.
"შევძელი! შევძელი! მე ეს თქვენი მხარდაჭერით, გამხნევებით, მოკითხვით, ლაიქით, ყურადღებით შევძელი! ქართველმა დელივერის ისტორიაში სკუტერით ყველაზე დიდ მანძილზე, თბილისიდან დიუსელფორში 4 000 კმ-ზე შეკვეთა საქართველოს ნაკრებისთვის შეასრულა. ღმერთო დიდებულო, სიტყვა ქართველს რამდენი რამე შეძლებია!" - წერს შადიმან ხარშილაძე.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში შოთა არველაძეც გამოეხმაურა:
"დორტმუნდში გავიცანი შადიმან ხარშილაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისიდან გერმანიამდე მოპედით 4 000 კილომეტრზე მეტი გაიარა. მისი გადაწყვეტილება გუნდის გამხნევების და გულშემატკივრობის არაჩვეულებრივი მაგალითია. დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ საგულშემატკივრო ისტორიებს შორის თავის ადგილს აუცილებლად დაიკავებს".