„ის ნამდვილი პოლიტიკოსია. ევროპული ყაიდის, ასე ორგანულად რომ შეერწყა ქართულ პოლიტიკას“ - ეკა ხოფერია სალომე ზურაბიშვილზე
ჟურნალისტი ეკა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში გამართულ ბოლო ბრიფინგსა და მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან ბოლო ბრიფინგი გამართა; ის გადის ორბელიანების სასახლიდან;
ამით მან, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად ევროპული სტანდარტის პოლიტიკოსია.
მან ამ ნაბიჯით არ შექმნა ფონი უაზრო, უსაგნო დაპირისპირებისთვის შენობიდან გასვლა-არგასვლის ირგვლივ.
მახსოვს, წლების წინ მიხეილ სააკაშვილის გუნდს რომ დაუპირისპირდა და მისი ცნობილი „ქაჯები მიდიან…“ გზავნილით ხალხი იპოდრომზე მოიწვია, მისი გადაცემაში მიწვევა მინდოდა და იპოდრომზე წავედი მეც. იქ ვერ დაველაპარაკე, გადაცემაში კი მოვიდა.
ბევრჯერ კარგად ვერ ვხვდებოდი მის ნაბიჯებს, ბევრი რამ მიკვირდა მისგან, მაგრამ მაშინაც და დღესაც ვრწმუნდები: ის ნამდვილი პოლიტიკოსია. ევროპული ყაიდის, ასე ორგანულად რომ შეერწყა ქართულ პოლიტიკას.
დანარჩენს პოლიტიკური მოვლენები გვიჩვენებს. ახლა გადაცემა რომ მქონოდა, ისევ წავიდოდი და მოვიწვევდი 😊
წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ხალხის მიერ პირდაპირი წესით ბოლოჯერ არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ჩვენს სამშობლოს!“, – წერს ეკა ხოფერია.