აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა
აზერბაიჯანმა ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აიჰან ჰაჯიზადეს თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენის ვადებზე შეზღუდვები გამკაცრდება.
"როგორც საგარეო პოლიტიკის ყველა საკითხში, დროებითი დარჩენისა და მიგრაციის საკითხებშიც, აზერბაიჯანული მხარე იმოქმედებს პარიტეტისა და ორმხრივობის პრინციპებიდან გამომდინარე", - თქვა ჰაჯიზადემ.
შეზღუდვები ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა - ამ ცვლილების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენა, 90 დღის განმავლობაში, 1 წლის პერიოდში ერთხელ შეეძლებათ.
შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას 29 ადამიანი გადაურჩა.