18 წლის შემდეგ სანიოლი და რონალდუ კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს - Telegraph-ი ვილი სანიოლის შესახებ სტატიას აქვეყნებს
ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის შესახებ სტატიას აქვეყნებს - გამოცემის ცნობით, სანიოლი ახალგაზრდა რონალდუს წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2006 წელს თამაშობდა, როცა საფრანგეთის მარჯვენა მცველი იყო.
"18 წლის შემდეგ სანიული და რონალდუ კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თუმცა, ამ შემთხვევაში, სანიოლი არა მოთამაშე, არამედ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელია" - წერს გამოცემა.
"2006 წელს ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ბევრი საინტერესო თვისება ჰქონდა. რისკავდა, ძლიერად დარბოდა. ასეთი ფეხბურთელისგან დაცვა რთული იყო. მასთან თამაშისას უკიდურესი კონცენტრაციაა საჭირო", - ამბობს სანიოლი.
2024 წელს რონალდუ შეიძლება ცოტათი ნაკლებად დინამიკური იყოს, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. საქართველოს წინააღმდეგ მას გოლი არ გაუტანია, სანიოლი იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი შეუცვლელი დარჩება.
"ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე - პელეს, მარადონასა, ზიდანის დონის მოთამაშეზე. ჩემი ფეხბურთელებისთვის ის მოტივაციის დიდი წყარო იქნება. ყველა მათგანს სურს რონალდუს წინააღმდეგ თამაში."
"ქართული კულტურის ნაწილია ბევრი ლაპარაკი წარსულზე და მომხდარზე - კარგზე თუ ცუდზე. ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ზეწოლა მომეშორებინა ფეხბურთელებისგან. საბერძნეთთან გამარჯვებამ ჩემში დიდ ემოცია გამოიწვია - ამას ვხედავდი სტადიონზე და ქუჩებში გულშემატკივრების სახეებზე; ახალგაზრდები, მოხუცები, ყველა ერთად ტიროდა და ქვეყნის ერთიანობაზე საუბრობდა. სპორტს აქვს ეს ძალა, რომ განსაკუთრებული მომენტები აჩუქოს ადამიანებს და ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ამ ზაფხულს ქართველებს დაუვიწყარ მოგონებებს ვაჩუქებთ“ - ამბობს სინიოლი.