EU-სკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა - თინა ბოკუჩავა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიაში მიიღო მონაწილეობა და სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პლენარულ სესიაზე დებატები მიმდინარეობდა მოლდოვასა და უკრაინაზე და რუსეთის მავნე გავლენებზე რეგიონში.
თინა ბოკუჩავამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა კუთხით.
„ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველო ე.წ. ასოცირებულ ტრიოში ერთ დროს მოწინავე ქვეყანა იყო ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მისი განცხადებით, ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა, თუმცა ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.