ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
„ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.