სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი 3 ივლისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებები.
საუბარი შეეხება რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან.
არარატ მირზოიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.