თეგებით ძიება

"მერჩივნა ცოცხლად გმირი ვაჟკაცის დედა ვყოფილიყავი, ვიდრე გარდაცვლილის“ - ვახტანგ გზირიშვილის დედის უკანასკნელი ინტერვიუ

„ამ ინტერვიუზე მუშაობა ჩვენთვის ორმაგად მძიმე აღმოჩნდა... თავად გმირობის ისტორია ერთია, რთულია, კარგად გაიაზრო იმ გმირობის ამბავი, რომელიც 20 წლის ვახტანგ გზირიშვილის სახელს უკავშირდება და მეორე ისტორია ის გახლავთ, რომ  სამწუხაროდ, ეს ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა ჩვენი რესპონდენტისთვის, მარინა გზირიშვილისთვის“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წერს.

ქალბატონ მარინასთან ინტერვიუ გმირი შვილის შესახებ იმ მოგონებით იწყება, სადაც ვახტანგ გზირიშვილმა სამხედრო სამსახური გადაწყვიტა. ქალბატონი მარინა იხსენებს, რომ მას ემიგრაციაში წასვლა იმ დროს მოუწია, როდესაც ვახტანგი 16 წლის იყო და სამხედრო ფორმაში ცოცხალი არასდროს უნახავს:

„16 წლიდან მე ვახოს თვალი დამკვრელი არ ვარ. მე ვახო დავტოვე 16 წლის ვაჟკაცი და ვახომ ისე ჩაიცვა ჯარის ფორმა, რომ მე დედას, ვახო ჯარის ფორმაში ცოცხალი არ მინახავს. მხოლოდ სურათებზე ვხედავ. ეს სურათებიც არ მექნებოდა, რომ არა მისი შეყვარებული. მის შეყვარებულ ჰქონდა შენახული და იმ გოგონამ მაჩუქა. ვახო ისე გახდა ჯარისკაცი და ისე მიიღო სამხედრო ფიცი, რომ მე არ ვიცოდი და ვერ დავლოცე. რა თქმა უნდა, რომ გავიგე, შემდეგ სულ ვლოცავდი და დედის ლოცვებს სულ ვკითხულობდი, მაგრამ, როგორც ჯარისკაცისთვის ლოცვა არ გამიყოლებია. ასევე, ომი რომ დაიწყო, ეგეც რომ არ ვიცოდი, არც, როგორც ომში წასულ ჯარისკაცზე ლოცვა არ გამიყოლებია. რომ გავიგე, ომი დაიწყო, მაშინ კი ვლოცულობდი, მაგრამ, ეს მოსახდენი უნდა მომხდარიყო. როგორც პატრიარქმა მითხრა, ეს უნდა მომხდარიყო, რომ უფალს იმაზე მეტად გავეძლიერებინე, ვიდრე ვიყავი“, - იხსენებდა მარინა გზირიშვილი.

რა განცდაა იყო გმირის დედა?!

„სიამაყეა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მერჩივნა, ცოცხლად გმირი ვაჟკაცი ბიჭის დედა ვყოფილიყავი, ვიდრე გარდაცვლილის. მაგრამ, ჩემი ვახო ყოველთვის ცოცხალია ჩემს გულში. როგორც ჩვენმა უწმინდესმა მითხრა, როდესაც ჩემი სიზმარი მოვუყევი პატრიარქს ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაშინ მითხრა ასეთი სიტყვები პატრიარქმა: ახლა ხომ ირწმუნე, რომ შენი ვახტანგი ცოცხალიაო? - ჰოდა ახლა მე გაძლევ კურთხევას, ტაძრის მშენებლობის დაწყებაზე და ღვთის მადლით დაამთავრებო. მე ვახომ სიზმარში მთხოვა ტაძრის აშენება. სამი თვის გარდაცვლილი იყო ვახო, სიზმრად რომ მეწვია. იგივე ვიმეორებ მეც, რომ მჯერა, ჩემი ვახო ყოველთვის ჩემს გვერდით არის. სადაც დავდივარ, რა საქმეზეც არ უნდა წავიდე, ეს იქნება პირადული, იქნება სხვისი საქმე, საერო და საერთო, მე ვგრძნობ, რომ ჩემს მხრებთან ჩემი მფარველი ანგელოზი ვახოსთან ერთად დამყვება ყოველთვის და ის საქმე ყოველთვის დადებითად მთავრდება.

მარინა გზირიშვილი ინტერვიუს დროს იხსენებდა, რომ რადგან ემიგრაციაში იყო, აგვისტოს ომის დაწყების დაწყების ამბავი იმ ოჯახისგან გაიგო, სადაც მუშაობდა, შვილს კი ბოლოს 5 აგვისტოს ტელეფონზე ესაუბრა. მისი თქმით, ეს იყო ბოლო დღე, როდესაც შვილის ხმა უკანასკნელად გაიგო

„რაღაცნაირი შინაგანი გრძნობა მაწუხებდა ძალიან, დედის ინსტინქტი იყო ეს თუ რა იყო არ ვიცი.  [ტელეფონზე საუბრისას] მითხრა, დედა შენ ნუ გეშინია, აქ სიმშვიდეაო. ისიც კი არ მითხრა, რომ აგვისტოს ომამდე 2 თვით ადრე, სამაჩაბლოში ყოფილა სამშვიდობო მისიით მისი ბატალიონი წასული. ეს ყველაფერი ვახოს გარდაცვალების შემდეგ, ვახოს მეთაურმა და მისმა ჯარის მეგობრებმა მომიყვნენ.

[ტელეფონზე საუბრისას] მეუბნება - დედა იცი, როგორ მენატრებიო, ისე მენატრები მეტი არ შეიძლებაო, მანდ ხომ იქნება ინტერნეტკაფე, დამირეკე, შენი დანახვა მინდაო. დავთანხმდი, კარგი შვილო-მეთქი და გავთიშე. გზის იქით ინტერნეტ-კაფის შენობა იყო. გავიქეცი, თუმცა დაკეტილი დამხვდა, რადგან საღამო იყო. ვერ დავრეკე, ვერ დავინახე ჩემი შვილი, ვერც თვითონ ვერ დამინახა. უკან დავბრუნდი, სადაც ქალაქის ტელეფონი იდგა და გადავურეკე. მოვუყევი, რომ ინტერნეტკაფე დაკეტილი იყო და ვუთხარი ხვალ დაგირეკავ-მეთქი. კარგი დედაო, დაგემშვიდობებიო. ისევ გავუმეორე, ჰო სიმშვიდეა იქით მეთქი - კი დედი, შენ არ იდარდოო და ასე გაწყდა ჩვენი საუბარი. ასე დავასრულეთ 5 აგვისტოს საუბარი. ამის მერე ჩემი შვილი არც ცოცხალი მინახავს და არც ხმა გამიგია“, - ჰყვებოდა მარინა გზირიშვილი.

მარინა გზირიშვილი შვილთან უკანასკნელი სატელეფონო საუბრის სხვა დეტალებსაც იხსენებს:

„მეოთხე ბრიგადაში იყო ვახო 42-ე ბატალიონში, ეს ბატალიონი ერაყისთვის იყო მომზადებული. ოქტომბერში უნდა გაეყვანათ. [სატელეფონო საუბრისას] მითხრა, ჩვენ ახლა ერაყისთვის გვამზადებენო და სანამ ჩვენი ბატალიონი გავა სამშვიდობო მისიაზე, მანამდე მოემზადე და უნდა ჩამოგიყვანო უკანო. გეყოფა უკვე ამდენი წელი, რაც იტანჯე და იშრომე ჩვენთვისო. ახლა უნდა ჩამოგიყვანო, დაგსვამ სახლში და მოვიყვან ცოლსო. ნათიას [მისი უფროსი შვილი] ჰო გაუზარდე შვილები, ახლა ჩემი უნდა გაზარდოო...“, - იხსენებდა გმირის დედა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა