თეგებით ძიება

„არასოდეს გაჩერდეთ, ოცნებები აუცილებლად სრულდება!“ – ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელიც სწავლას გერმანიაში, Constructor University-ში 70%-იანი დაფინანსებით გააგრძელებს

დავით რუსია, რომელმაც სკოლა პროგრესი დაამთავრა, სექტემბრიდან სწავლას გერმანიაში Constructor University-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Entrepreneur Georgia ავრცელებს.

„მე პროგრესელი დავით რუსია ვარ, სექტემბრიდან სწავლას გერმანიაში Constructor University-ში გავაგრძელებ 70%-იანი დაფინანსებით. ტექნოლოგიები ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო, სკოლამ მომცა შესაძლებლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად განვითარებულიყავი. ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის STEM ლაბორატორიაში მუშაობამ არაერთი წარმატებული პროექტის მონაწილე გამხადა.

ჩვენი გუნდის მიერ წარდგენილი პროექტი „მაღაროელი რობოტი” 2024 წელს ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული გახდა.

პროექტის ფარგლებში ამერიკაში გავემგზავრეთ და ნასას კოსმოსური ცენტრის ბანაკში მივიღეთ მონაწილეობა. კონკურსზე ჩვენი გუნდის მიერ წარდგენილი პროექტების („რობოტი მაღაროელი“ და „ჭკვიანი უნიფორმა“) მიზანია მაღაროელების სიცოცხლის გადარჩენა და მათი შრომის შემსუბუქება.

„თერმული წყლები“ ჩემთვის პირველი პროექტი იყო, რომელიც „ლეონარდო და ვინჩის“ გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის გამარჯვებული გახდა. 2021 წლის დასაწყისში გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო კონკურსში. ჩვენი მენტორების, უტა კილასონიასა და დავით სონღულაშვილის დახმარებით დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. პანდემია მძვინვარებდა და ონლაინ შეხვედრები გვქონდა. გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა ისეთი რამ, რის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ალტერნატიული ენერგიის მიღება. შემდეგ პირადად შევხვდით ერთმანეთს, ავაწყვეთ მოწყობილობა და საერთო ჯამში შევქმენით პროექტი, რომლის მიზანია, ეკოლოგიურად სუფთა და ინოვაციური გზით გამოიმუშაოს ელექტროენერგია.

ყოველთვის ვცდილობდი სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობით მიმეღო ახალი გამოცდილება და უნარ-ჩვევები. 2021 წლის Junior Achievement Georgia-ს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და აზიაში“ ფარგლებში, ინოვაციების ბანაკის აქტიური მონაწილე და პირველი ადგილის მფლობელი გავხდი გუნდთან ერთად „Progress Squad”. ასევე, მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო 2022 წელს ეროვნულ – ევროპული განათლების პროგრამა „ნაუტილუსის“ 10 საუკეთესო მონაწილეთა შორის მოხვედრა. NASA Space Apps Challenge 2022-ის ფარგლებში ეროვნული კონკურსის, „ჰაკათონის“ აქტიური მონაწილე, გამარჯვებული გუნდის, Odyssey-ის წევრი ვიყავი. ჩვენმა გუნდმა ეს კონკურსი ორჯერ მოიგო.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. წინ საინტერესო გამოწვევებია და ვფიქრობ ევროპული გამოცდილება მეტ შესაძლებლობას მომცემს უკეთესი გავხადო სამყარო და მისი რესურსები. ყველგან შეგიძლია შენი წილი პროგრესის დატოვება, მთავარია გქონდეს სურვილი, მოტივაცია და შრომისმოყვარეობის უნარი. არასოდეს გაჩერდეთ, ოცნებები აუცილებლად სრულდება!“, – ამბობს დავით რუსია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა