TDI: 2023 წელს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მართლმადიდებელ ეკლესიას 65 მლნ-მდე ლარი გადაეცა
2023 წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მართლმადიდებელ ეკლესიას 65 მილიონამდე ლარი გადაეცა, — ამის შესახებ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) კვლევაშია საუბარი.
TDI წერს, რომ 2023 წელს, მუნიციპალიტეტებისა (59) და თვითმმართველი ქალაქების (5) მერიების მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა მთლიანობაში 6 720 750.33 ლარს შეადგენს. ამ თანხის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელ ეკლესიაზე მოდის, ხოლო სხვა რელიგიური გაერთიანებების წილი 1%-ზე ნაკლებია.
2023 წელს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო 25 მილიონი ლარი, რომელსაც ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამას გარდა, გასულ წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს მთავრობამ, განკარგულების საფუძველზე, დამატებით 33 350 213 ლარი გადასცა.
ჯამში, 2023 წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მართლმადიდებელ ეკლესიას 65 მილიონამდე ლარი გადაეცა”.