“მთხოვეს, იქნებ ხელისუფლებას სთხოვო, მოვიდნენო“ - ომბუდსმენი “ევოლუშენის“ თანამშრომლებთან შეხვედრაზე
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხდაბით, შპს „ევოლუშენ ჟორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მას სთხოვეს, შუამდგომლობა გაეწია ხელისუფლების წარმომადგენლებთან:
„მე მთხოვეს, იქნებ ხელისუფლებას სთხოვო, მოვიდნენო, მე ვერავის ვაიძულებ სადმე მისვლას, რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ ვისაუბრო.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხის შესწავლით შრომის ინსპექცია დაინტერესებულია, თუმცა ამ ადამიანებმა მათგან ქმედითი ნაბიჯები ვერ დაინახეს. გაფიცულებმა ვერ დაინახეს მედიაციის მზაობა, რომ მხარეებს შორის ვიღაცა ჩადგეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარებაზე საუბარი. ეს არის ყველაზე მთავარი.
მე არ გამაჩნია მედიაციის მანდატი, თორემ ვითავებდი. ვისაც გააჩნია მედიაციის მანდატი, უწყებებს მოვუწოდებ, ამ ბავშვების მდგომარეობა გულთან მიიტანონ.
დამატებით ინფორმაციას ველოდებით შრომის ინსპექტორისგან, რომელიც, იმედია გაარკვევს და საზოგადობამდეც მიიტანს ინფორმაციას. მაქვს მოლოდინი, რომ შრომის ინსპექციისგან კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რადგან მათ მოთხოვნების შესრულებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა „ტვ პირველის“ ეთერში.
„ევოლუშენის“ თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათ უწყვეტი პროტესტი 12 ივლისიდან დაიწყეს.