„სამოთხის კარიბჭე“ - სად არის და რა ბედი ეწია ქანდაკებას, რომელიც დადგმიდან რამდენიმე საათში აიღეს
ჩინელი მოქანდაკის, ზაო ლეის მიერ შექმნილი ქანდაკება "პორტალი-სამოთხის კარიბჭე", რომელიც 2024 წლის ბოლოს რუსთავის ცენტრში დადგეს და საზოგადოების მძაფრი რეაქციის შემდეგ მალევე აიღეს, „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, ამჟამად რუსთავის პარკში მდებარეობს, თუმცა, სხვა ქანდაკებებისგან განსხვავებით, შეფუთული.
რუსთავის პარკი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან მდებარეობს. პარკის ბოლოში მოწყობილია ადგილი, სადაც 90-იან წლებში რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს ჩაეყარა საფუძველი და ქართველი და უცხოელი მოქანდაკეების შეკრების ადგილია. სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკებები რუსთავს საჩუქრად რჩება და ქალაქის ხელმძღვანელობა განსაზღვრავს,სად განათავსოს ესა თუ ის ქმნილება.
ადგილი, სადაც სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ძველი და ახალი ქმნილებებია თავმოყრილი, ქანდაკებების სასაფლაოს უფრო მოგაგონებთ. მით უმეტეს, რომ ამ ადგილს თითქმის არავინ სტუმრობს...