ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს
ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კიევში, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ანჯეი დუდასთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე, რომ ლიეტუვის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი უკრაინაში სექტემბრის დასაწყისამდე ჩამოვა. იგი მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებს, იარაღსა და საბრძოლო მასალას მოიცავს“, - განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ.
მისივე თქმით, ომში ლიეტუვის პოზიცია გასაგები და მარტივია: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო რუსეთი უნდა დამარცხდეს.
„ასევე, ვიმედოვნებთ, რომ შემოდგომის ბოლოსთვის ლიეტუვური წარმოების 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას შევძლებთ“, - აღნიშნა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.