აშშ-მა F16-ის ტექნიკური მომსახურებისთვის უკრაინაში სპეციალისტების გაგზავნაზე უარი განაცხადა
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ F16-ის და სხვა დასავლური ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის უკრაინაში სპეციალისტების გაგზავნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.
მანამდე უკრაინაში ამერიკელი სპეციალისტების გაგზავნის საკითხი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში განიხილებოდა, მაგრამ ამერიკულმა დაზვერვამ ეს იდეა უარყო „უსაფრთხოების პრობლემების გამო“.
„დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ყველანაირად შეეცდება უკრაინაში მყოფი ამერიკული პერსონალის განადგურებას“ - განუცხადა The Wall Street Journal-ს ერთ-ერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.
ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამორიცხავდა, რომ მომავალში თვითმფრინავების და სხვა ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის პერსონალი უკრაინაში გაგზავნის საკითხი დადებითად გადაწყდეს.
სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ დასავლური თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება უკრაინის დასაცავად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია და ამ მისიის შესრულება კიევის ევროპელ მოკავშირეებს შეუძლიათ. როგორც ჰოლანდიის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, ნიდერლანდების მთავრობა აანაზღაურებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და სამოქალაქო კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტს, რომელიც თვითმფრინავების მომსახურებას ითვალისწინებს.