თეგებით ძიება

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება სარეცხი მანქანის შეძენას, რომელიც, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა - ირაკლი კობახიძე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.  სიბიგა მიიჩნევს, რომ ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობას მოწყვეტილები არ უნდა იყვნენ. 

ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, მას ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ეს არ არის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც 2022 წელს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით იყო მიღებული.

„მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია ელჩი საქართველოდან. ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე“, – განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა