ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ყაზბეგზე - კორპუსთან, სადაც მოქალაქეები მშენებლობას აპროტესტებენ, მოქალაქე შეუძლოდ გახდა - რა ხდება ადგილზე? (ვიდეო)
თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 32 ნომერში ვითარება დაძაბულია. ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა, რა დროსაც ერთი ადგილობრივი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა პროტესტის რეჟიმშია. ისინი ამბობენ, რომ მშენებლობა საცხოვრებელ კორპუსებს ნგრევის საფრთხეს უქმნის, ამიტომ მშენებელი კომპანიისგან, "სქაი რეზიდენსისგან" სპეციალურ დასკვნას ითხოვენ. კომპანიას კი ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მაინც შეჰყავს.
დღეს ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მობილიზებულია პოლიცია. ხალხი კი ამბობს, რომ კომპანიამ დღეს ადგილზე "დაქირავებული მოჭიდავეები" მიიყვანა.
ტერიტორიაზე თავდაპირველი პროექტით, 5-სართულიანი შენობა უნდა აშენებულიყო, ის ივანიშვილის ძმას ეკუთვნოდა და ადგილზე შესაბამისი ბანერიც იყო გაკრული. ამის შემდეგ, ადგილზე სამუშაოები დაიწყო კომპანია "საქი რეზიდენსმა", რომელიც 10-სართულიან შენობას აშენებს.