"2026 წლიდან აქტიურად დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა - გაგრძელდება კახეთისკენ მაგისტრალის მშენებლობა“
„2026 წლიდან აქტიურად დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა - გაგრძელდება კახეთის მიმართულებით, მაგისტრალის მშენებლობა,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო” განაცხადა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით იმ პროექტებს შორის, რომლებსაც დავიწყებთ მომავალი წლიდან, უნდა აღინიშნოს პირველ რიგში თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც აქტიურად დაიწყება მომავალი წლიდან. 5 ლოტი არის ამ მიმართულებით და ვფიქრობ ეს პროექტი თბილისშიც გააუმჯობესებს სატრანსპორტო კუთხით არსებულ პრობლემებს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ კახეთის მიმართულებითაც გაგრძელდება მაგისტრალის მშენებლობა, იმედი გვაქვს რომ ზაფხულში უკვე გაიხსნება შემდეგი ლოტი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი და შესაძლებელი გახდება იქაც გადაადგილება.
უახლეს დღეებში გაიხსნება რიკოთის მონაკვეთი, ასევე გურიაში მოხდება 8 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა და ვფიქრობ უკვე მომავალ წელს ბათუმამდე ჩასვლა ძალიან კომფორტულად და მცირე დროში შეგვეძლება.
მთლიანობაში, ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლიდან მოსახლეობა შეძლებს 400 კმ-მდე ახალი რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლოს,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.