გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ "ქართულ ქარტიას". ჯერჯერობით არაოფიციალური ცნობით, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ორბელიანების სასახლეში დღეს დილით იმყოფებოდა. თუმცა, ყოფილი პრემიერის გუნდში ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.
შეგახსენებთ, "ქართული ქარტია" პრეზიდენტმა საზოგადოებას 26 მაისს გააცნო. ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს განსხვავებული ერთობის მოდელს სთავაზობს.
დოკუმენტზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, გაატარონ ევროინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა, გააუქმონ რუსული კანონები, რის შემდეგაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს დააბრუნებენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.
ქარტიას თითქმის სრულად მოაწერა ხელი პროდასავლურმა ოპოზიციამ, გახარიას გუნდის ხელმოწერა კი დოკუმენტზე ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა.