ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან - ლავროვის განცხადებას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი გამოეხმაურა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას რომ მოსკოვი მზად არის თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის აღდგენაში დაეხმაროს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი გამოეხმაურა.
"ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ქართველი ოფიციალური პირების ბოლოდროინდელ განცხადებებს შერიგების შესახებ კომენტირებისას, აღნიშნა, რომ ეს „ეს თავად ქვეყნების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გადასაწყვეტია." - განაცხადა ჯიოევმა.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის დისკუსიების ფორმატში და ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე ხელმოწერის შეთანხმების მიღწევას.
"ფაქტობრივად, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამას", - აღნიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელმა.