კახეთში ავარიას კოალიცია "ცვლილებებისთვის" შტაბის წევრი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგიკულ შემთხვევაზე?
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა.
ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიციის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა. ელენე ადგილზე გარდაიცვალა.
ერთ-ერთ დაშავებულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - მას დაზიანებები ღვიძლისა და თავის არეში ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. წუხელ ის თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.
ტრაგედიის ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.