თბილისში ვიღაც ჰერჩინკი აბობოქრდა - გრიგორი კარასინმა ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეების შანტაჟსა და დაშინებაში დაადანაშაულა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა საქართველოში EU-ს ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და ის საქართველოს მოქალაქეების შანტაჟსა და დაშინებაში დაადანაშაულა.
"თბილისში აბობოქრდა ვინმე ჰერჩინსკი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა. მან გამაოცა თავისი სიუხეშით და პირდაპირობით.
გამოცხადდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2023 წელს არ გახდება, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება. აღვნიშნავ, რომ ეს სწორედ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ ითქვა, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. [...] ფაქტობრივად დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება ხდება. მსგავსის მოთმენა ქართული თავმოყვარეობისთვის სერიოზული გამოცდაა.
დარწმუნებული ვარ, რომ ამას ბრიუსელში ყურადღება უნდა მიაქციონ. თუმცა, იქ წესიერების შესახებ უკვე დაივიწყეს". - წერს კარასინი თავის Telegram-არხზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპელმა დიპლომატმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა: „თუ თქვენ გადაწყვეტთ საქართველოს გადაქცევას ერთპარტიულ სახელმწიფოდ, აკრძალოთ ოპოზიცია და განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოება, თუ ნებას მისცემ საქართველოს, იყოს ადგილი, სადაც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ადგილი არ არის, თუ გადაწყვიტეთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული, ღიად ვიტყვი - ქვეყანა არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს“.