თეგებით ძიება

ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ - საპატრიარქო მოახლოებულ არჩევნებზე

არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციების ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის განსაკუთრებული როლი ენიჭებათ, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.

შესაბამისად, არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.

აღვავლეთ ლოცვებს, რათა უფალმა მომადლოს ჩვენს ერს წყალობა და მოციქულის სიტყვისამებრ, მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა“, - წერია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა