გვიჩნდება ეჭვი, რომ 20 ოქტომბრის ღონისძიება დაფინანსებული იყო უცხოური წყაროებიდან - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სხვა თემებთან ერთად, ისაუბრა საარჩევნო პროცესში უცხოური ძალების ჩარევის შესახებ. პაპუაშვილის შეფასებით, ამგვარი ფაქტები სამწუხაროა და წარმოადგენს დარღვევას.
„რაც შეეხება უცხოურ ჩარევებს, მე ადრე ბრიფინგის სახით მოგახსენეთ და ჩვენ ამ მონიტორინგს ვაგრძელებდით. პირველი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი თუ სხვადასხვა სახის ინტერვენცია, რეზოლუცია და ა.შ. დაფიქსირდა, რაც დღეში საშუალოდ ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევა არის საქართველოს საარჩევნო კამპანიაში. არის სხვადასხვა სახის - დაწყებული განცხადებებით, რომელიც მედიასაშუალებით თუ მათი სოცმედია საშუალებით საჯაროვდება, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, რომ მხარი არ დაუჭირონ „ქართულ ოცნებას" და ეს არის ჩარევა.
მეორე, დოკუმენტები - ევროპარლამენტის რეზოლუცია, 13 მინისტრის თუ ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება, რომელზეც სხვათა შორის დღემდე ვერ გავერკვიეთ რა ტიპის დოკუმენტია ეს, ერთადერთი წყარო, რაც მივაგენით დღემდე არის „ინტერპრესნიუსის" ნიუსი ასე ვთქვათ, სადაც მოტანილია ეს ტექსტი. სხვაგან ვერსად, ვერცერთი ამ 13 ქვეყნის ოფიციალურ ვებგვერდზე, ვერცერთი ამ 13 ქვეყნის საელჩოს ვებგვერდზე ეს ტექსტი ვერ მოვიძიეთ და დღემდე პასუხი არ გვაქვს რა განცხადება იყო საერთოდ, ვისი განცხადება, ვისი ინიციატივა იყო, რატომ არის მარტო 13, თარსი რიცხვის ამბავი არის 13 თუ რატომ არ ვიცი. მოკლედ ყოველ შემთხვევაში გაურკვევლობა არის ამ მხრივ. შინაარსობრივად რა თქმა უნდა ეს იყო ჩარევა საარჩევნო კამპანიაში იმისთვის, რომ ემოქმედათ განწყობებზე.
გარდა ამისა, ჩარევა იყო ასევე 20 ოქტომბრის თავყრილობა, რომელიც ენჯეოების და ოპოზიციის ერთობლივი ღონისძიება იყო და სამწუხაროდ გაუმჭვირვალობის პირობებში ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ გვაქვს ეჭვი, რომ ამ 20 ოქტომბრის აქციაზე დაიხარჯა ენჯეოების თანხები, ანუ უცხოური თანხები დაიხარჯა საარჩევნო ღონისძიებისთვის და მათ შორის ამას გვაფიქრებინებს ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება ამ აქციასთან დაკავშირებით და ამიტომ გვიჩნდება ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი, რომ 20 ოქტომბრის ღონისძიება დაფინანსებული იყო უცხოური წყაროებიდან, რაც წარმოადგენს უკანონო კონტრიბუციას საარჩევნო კამპანიაში და არის დარღვევა და გარდა ამისა არის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე სამწუხაროა", - განაცხადა პაპუაშვილმა.