დღეს, საოლქო კომისიებში ხმის ფარულობაზე ჩვენს საჩივრებს განიხილავენ - საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, დღეს 18:00 საათიდან საოლქო საარჩევნო კომისიებში საია-ს საჩივრების განხილვა ჩაინიშნა ხმის ფარულობასთან დაკავშირებით.
საია-ს ცნობით, მათ კომისიებს საჩივრები წარუდგინეს, რომლითაც ისინი 2 263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. ეს უბნებია, სადაც არჩევნები ტექნოლოგიური საშუალებებით ჩატარდა.
"ჩვენი იურისტები მზად არიან მტკიცებულებებითა და არგუმენტებით დაამტკიცონ, რომ 2024 წლის საპარალამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა.
პირველ ეტაპზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში ვიდავებთ , ხოლო შემდეგ საქმე საერთო სასამართლოებში გადავა. საია-ს მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე", - ნათქვამია განცხადებაში.