თეგებით ძიება

გულისამრევია, როცა ქვეყანაში, სადაც სკოლაში 56 000 ბავშვი შიმშილობს, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 64 მილიარდია - თამარ ჯაფარიძე

აზარტული თამაშებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვა ყოველწლიურად, რეკორდულად იზრდება.  თუ საქსტატის მონაცემებს დავეყრდნობით, 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 32.091 მლრდ ლარს შეადგენდა, 2021 წელს - 47.938 მლრდ ლარს, 2022 წელს - 52.647 მლრდ ლარს, 2023 წელს კი მორიგ რეკორდულ მაჩვენებელს - 64 მილიარდ ლარს მიაღწია. როგორ ხდება, რომ ქვეყანაში, სადაც სოციალურ შემწეობას 672 ათასი ადამიანი იღებს, სათამაშო ბიზნესი ყვავის და რეკორდულ ციფრებზე გადის? - ამ კითხვით TIA.GE-მ არასამთავრობო ორგანიზაცია "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" პრეზიდენტს, თამარ ჯაფარიძეს მიმართა:

- საქართველოში სათამაშო ბიზნესი ნამდვილად მზარდია. 2023 წელს ბიზნესის ბრუნვამ ჩვენი ქვეყნისთვის ასტრონომიულ ციფრს - 64 მილიარდ ლარს მიაღწია. აქედან 20 მილიონი ლარი ვიზიტორების მიერ გადახდილი თანხაა, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს 900 000 მოქალაქე მოთამაშედ ფიქსირდება. წარმოგიდგენიათ? ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცველების რაოდენობა კატასტროფულად მზარდია, ქვეყანაში, სადაც გაეროს კვლევების მიხედვით,  29 000 ბავშვს ჰიგინური საშუალებებზე წვდომა არ აქვს და ნორმალურად ხელის დაბანას ვერ ახერხებს,  სადაც 1 400 000 ადამიანს აზარტულ მომგებიანი თამაშებზე ხელი აღარ მიუწვდება, სათამაშო ბიზნესი ყვავის. შემაშფოთებელი არა, გულისამრევია, როცა ქვეყანაში, სადაც 56 000 ბავშვი სკოლაში შიმშილობს, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 64 მილიარდია. 

_ რა გამოდის, მოთამაშეთა ასაკის 18-დან 25 წლამდე აწევის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალურად დაუცველი პირებისთვის თამაშის უფლების აკრძალვის მიუხედავად, რაც მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდა, სათამაშო ბიზნესი მაინც იზრდება და ვითარდება?

_ დიახ, საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად ბრუნვა იზრდება. მიზეზი ისაა, რომ კანონი, რომელიც მიღებული 2022 წლის 1 მარტს მიიღეს, ფარატინა ფურცლად დარჩა და ეს ადამიანები ისევ თამაშობენ. 

_ ამას როგორ ახერხებენ?

_ სხვადასხვა „შემოვლითი გზებით“. ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენ უზარმაზარი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ მოთამაშეთა მინიმალური ასაკი 18-დან 25 წლამდე გაზრდილიყო და თინეიჯერები დაგვეცვა, მაგრამ დღეს ისინი სხვა ადამიანების ექაუნთებით თამაშობენ. მოთამაშეთა ექაუნთები სხვადასხვა ფასად იყიდება: 30 ლარად, 50 ლარად, 100 ლარად და ა.შ. ასეთი მაქინაციების წყალობით საქართველოში 900 000 ადამიანი, თითქმის მილიონი, მოთამაშე გახდა და ამაზე ყველა დუმს.

-  მაშინ, როცა უმუშევრობა უამრავი ოჯახის გამოწვევად რჩება, ამ  900 000 ადამიანს სათამაშო ფული საიდან აქვს?

_ ამაში დიდი ბრალი მიუძღვის ეროვნულ ბანკს. გვენეტაძის დროს ეროვნული ბანკთის 6 დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მქონდა შეხვედრა, სადაც კონკრეტული მოთხოვნები დავაყენე. მაგალითად, ის,  რომ ეროვნულმა ბანკმა გამჭვირვალე უნდა გახადოს აზარტულ თამაშებში გადარიცხული თანხები. საქმე ისაა, რომ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ ინკოგნიტო ბარათი შექმნა, რომელიც ყველა ტერმინალზე ტარდება, მაგრამ საბანკო სექტორი ვერ ხედავს და მხოლოდ ეროვნული ბანკის სპეციალური დეპარტამენტი ხედავს. ეროვნულმა ბანკმა აზარტული თამაშების დაწესებულებებს ხელი შეუწყო, რომ ფულმა საბანკო სექტრის გვერდის ავლით იბრუნოს. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ და თუ სახელმწიფოს აქვს სურვილი, რომ აზარტული თამაშები საქართველოს მოქალაქისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს, გადასარიცხ აპარატებში უნდა გაუქმდეს ტოტალიზატორების და კაზინოებისთვის გამოყოფილი სპეციალური ჩარჩო.  კიდევ ერთი - ეროვნულმა ბანკმა მაქსიმალური კონტროლი უნდა დაუწესოს საბანკო სექტორს იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ოჯახის წევრმა აიღო ბებიის თუ ბაბუის ტელეფონი, ლიბერთი ბანკის ბარათი და ბანკომატზე 2000 ლარიანი ოვერდრაფტი გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს ფული აზარტულ თამაშებში წავიდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საბანკო სექტორი ვერაფერს გააკეთებს, ეროვნული ბანკის გარეშე, ამიტომ ეროვნულ ბანკს სჭირდება სრულიად ახალი, სტრატეგიული მიდგომა აზარტულ მომგებიან თამაშობებთან. ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს ღარიბი მოსახლეობის ინტერესები და ის, რომ ამ უბედურებაში თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე ჩართულია, რადგან მოთამაშედ 900 000 ადამიანი ფიქსირდება, რაც სრული კატასტროფაა. 

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენზე ათჯერ დიდ ბრიტანეთში, გაერთიანებული სამეფოს აზარტული და მომგებიანი თამაშობების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ წლიური ბრუნვა  მზარდია და მილიარდ ფუნტრ სტერლინგზე მეტი დაფიქსირდა და ჩვენს პატარა ქვეყანაში, სადაც აზარტული-მომგებიანი თამაშების ბრუნვამ 64 მილიარდს მიაღწია,  ხელისუფლებაც დუმს და ოპოზიციაც, რადგან აზარტული მომგებიანი თამაშობების საცეცებმა ყველგან შეაღწია. 

_ შეძლებთ თუ არა გაიტანოთ ინიციატივა, რომ თვეში 4100 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს აზარტული თამაშები აეკრძალოთ?

_ ეს ინიციატივა 2017 წელს გავაჟღერეთ, როდესაც საპატრიარქოში არასამთავრობობისა და სახელწმწიფო უწყებების წარმომადგენელთა დიდი შეკრება შედგა. სწორედ იქ ვთქვი, რომ წელიწადში 50 000 ლარის შემოსავალი არის ის თანხა, რომელიც შეიძლება ჩვენი მოსახლეობის 12-15% ჰქონდეს. ჩვენ დღესაც ვაყენებთ ამ წინადადებას. გარდა ამისა, მოვითხოვთ, რომ სახმელეთო სამორინეები გავიდნენ ქალაქის პერიმეტრიდან და კიდევ გვაქვს რამდენიმე ინიციატივა. 

ჩვენი მიღებული კანონით საამაშო ბიზნესს დააკისრეს კეთილსინდისიერება, რომელიც  ამ ბიზნესს არა მარტო ჩვენს, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ნაკლებად მოეკითხება. 

- კეთილსინდისიერების დაკისრება რაში გამოიხატება? 

- შემოსავლების სამსახურში არის ორი სია: ერთია თვითგანრიდების სია, რომელშიც უკვე 22 000 ადამიანი საკუთარი ნებით შევიდა და მეორეა სასამართლოს წესით განრიდების სია, სადაც 53 ადამიანი მოხვდა. როდესაც  ადამიანი შედის სათამაშო დაწესებულებაში შედის, ოპერატორმა უნდა გადაამოწმოს არის თუ არა ის  შემოსავლების სამსახურის საძიებო სიებში. თუ ოპერატორს ამის გაკეთება უჭირს, მაშინ დაავალოს სახელმწიფომ ამ გაზულუქებულ ბიზნესს და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უამრავი კონტროლის მექანიზმის ამუშავება შეიძლება, რომ პრევენციული ღონისძებები გატარდეს და ნაკლები ადამიანი ჩაერთოს იმ უბედურებაში, რომელმაც უამრავი სუიციდის, მკვლელობის და ოჯახიდან დაკარგვის ფაქტი გამოიწვია. სლოტ კლუბები და ონლაინ აზარტული მომგებიანი თამაშობები, რომლის ჩახსნასაც  7 წელია ვითხოვთ, ყველაზე დიდი უბედურებაა. სწორედ სლოტ-კლუბებმა და ონლაინ-კაზინოებმა ჩვენი მოსახლეობის თითქმის 25% დაღუპა. 400 მილიონი ლარი იყო საჭირო, რომ შემომავალი  ოპერირებული ხაზები დაბლოკილიყო სახელმწიფოს მხრიდან და ამაზე სერიოზული მსჯელობა გვქონდა, მაგრამ არ გააკეთეს. სავარაუდოდ, აქაც გავლენიანმა მფარველებმა იმუშავეს, რომლებიც ბევრი ჰყავთ. გუშინ თუ ბატონი ისკო დასენი იყო სათამაშო ბიზნესის მფარველი,  დღეს პარლამენტს ბატონი ლაშა ტალახაძის სახით, კიდევ ერთი ლობისტი დაემატა, რომელიც სამწუხაროდ, „კრისტალ ბეთს“ აქტიურად აპიარებს. აი, ესაა ჩვენი სამწუხარო რეალობა..


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა