2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წესით ჩატარდება - მამუკა მდინარაძე
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წესით ჩატარდება.
უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მომავალ წელს ყველა არჩევნებში ყველა ის პუნქტი იქნება დაცული, რაც იყო 2017 წელს.
"2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ყველა იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4%-იანი ბარიერით და ა.შ. 2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული. არც ერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება შედეგის თვალსაზრისით",- თქვა მდინარაძემ.
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2021 წლის ივნისში დაამტკიცა. "ამბიციური საარჩევნო რეფორმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისას ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო.
საქმე ის არის, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვალა საარჩევნო სისტემა და თვითმმართველ ქალაქებში/თვითმმართველ თემებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით ასარჩევ საკრებულოს წევრთა პროპორცია – მოქალაქეებმა აირჩიეს 64 საკრებულოს 2 068 წევრი და 64 მერი, აქედან, ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერი. შეცვლილმა პროპორციამ გამოიწვია ოლქების საზღვრებისა და ადმინისტრირების კუთხით გარკვეული ცვლილებები.
2017 წლისგან განსხვავებით, 2021 წლის საარჩევნო კოდექსით აიკრძალა არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება;
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;
წინა არჩევნებზე აკრძალული იყო კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა;
მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას 4%-დან 2.5% (თბილისი) და 3%-მდე (სხვა მუნიციპალიტეტები) შემცირდა საარჩევნო ბარიერი;
გაიზარდა პროპორციულად არჩეულ საკრებულოს წევრთა წილი;
ადგილობრივ ერთმანდატიან ოლქებში გასამარჯვებლად, ხმების უმრავლესობის ნაცვლად, კანდიდატებს 40%-ზე მეტი მხარდაჭერა უნდა მოეპოვებინათ.
რაც შეეხება წესს, რომლითაც "ოცნება" 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამართვას გეგმავს:
ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა 4%-იანი ბარიერით.
4 წლის ვადით ამომრჩევლებმა აირჩიეს:
თბილისის 4 თვითმმართველი ქალაქის 59 თვითმმართველი თემის მერი;
თბილისის საკრებულოს 50 წევრი, აქედან 25 წევრი – ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე;
თვითმმართველი ქალაქებისა (გარდა თბილისისა) და თვითმმართველი თემების 63 საკრებულოს – 2 008 წევრი, აქედან პროპორციული სისტემის საფუძველზე – 945, მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე – 1 063 წევრი.