რა უნდა გავითვალისწინოთ კედლის შეღებვის დროს? – 3 მთავარი ფაქტორი
კედლის შეღებვა ერთი შეხედვით მარტივი პროცესია, მაგრამ ზუსტად სწორად შესრულება მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და მომზადებას. ამ სტატიაში განვიხილავთ სამი ძირითად ფაქტორს, რომლებიც კედლის შეღებვის პროცესს უკეთესად და ეფექტურად აქცევს.
საღებავის სწორად შერჩევა — ღებვის დაწყებამდე, პირველ რიგში, მთავარია საღებავის სწორად შერჩევა. საღებავი ძირითადად ორ კატეგორიად – პროფესიონალურ და სამომხმარებლო პროდუქტად იყოფა. თუ დამოუკიდებლად აპირებთ კედლის შეღებვას, უმჯობესია, სამომხმარებლო ვარიანტს მიანიჭოთ უპირატესობა, რადგან შედარებით მარტივი გამოსაყენებელია და განსაკუთრებული თვისებებით არ ხასიათდება. პროფესიონალურ საღებავებს კი განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, ამიტომ აუცილებელია, ის კვალიფიციურმა პროფესიონალმა გამოიყენოს, რათა სასურველი შედეგი უზრუნველყოს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფერის სწორად შერჩევა და მისი წინასწარ დატესტვა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ მიერ შერჩეული ტონალობა კედელზე სრულიად სხვა ეფექტს ქმნის და არასასურველ სახეს იღებს, რაც არასწორად შერჩეული პროდუქტის ბრალია.
საჭირო მასალების განსაზღვრა — კედლის შეღებვისთვის გამოიყენება ტრადიციული მეთოდი, რომელიც ლილვაკის გამოყენებას გულისხმობს, ან თანამედროვე ხერხი — უჰაერო გამფრქვევით შეღებვა. მაგალითად, თუ საღებავი ლატექსურია, წელვადი საღებავითა და ლილვაკით შედარებით დიდი ფართობის შეღებვაა შესაძლებელი და ნაკლები საღებავის გამოყენება ხდება საჭირო, ვიდრე გამფრქვევის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს მიდგომა უფრო ეკონომიურია. თუმცა ლილვაკის ნაკლოვანება ისაა, რომ ხშირად მისი მოხმარებისას ზედაპირს ლილვაკის ზოლები ეტყობა და კედელი არაერთგვაროვანი გამოდის, რაც არასახარბიელო შედეგს გვაძლევს. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ლილვაკის ბეწვის სისქე საღებავის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, ლატექსური საღებავის შემთხვევაში, აჯობებს დაბალბეწვიანი მოდელი გამოიყენოთ, ხოლო სქელი საღებავის დროს – მაღალბეწვიანი, რათა უკეთესად დაიტანოთ საღებავი ზედაპირზე.
ზედაპირის სწორად მომზადება — მასალების შერჩევის შემდეგ საჭიროა ზედაპირზე საღებავის სწორად დატანა და სამონტაჟო სამუშაოების წესისამებრ შესრულება. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ კედლები იყოს მოსწორებული, გასუფთავებული და მშრალი. თანაბარი, სწორი ზედაპირის მისაღებად, ზედაპირის ნესტისა და სოკოსგან დასაცავად და საღებავის ეფექტურად შეწოვისთვის მნიშვნელოვანია, კედელი გრუნტით დამუშავდეს. შემდეგ კი საღებავის დატანა ორ ფენად მოხდეს, თითოეულ ფენას შორის კი დაცული იყოს შესაბამისი დროითი ინტერვალი, რათა ყველა ტექსტურა სრულყოფილად გაშრეს და მისი იერსახე არ დაზიანდეს.