რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება შპალერის შერჩევისას?
სახლის კედლების ფონური გამოსახულება ანუ შპალერი ოთახების გალამაზებასა და სიმყუდროვის შექმნაში ძალიან დიდი როლს თამაშობს. ალბათ გინახავთ ოთახი, სადაც სივრცე თითქოს ყელში გიჭერდათ, ფერთა შეხამება გთრგუნავდათ ან აჭრელებული ფერები გაღიზიანებდათ. სწორედ ამიტომ პირველი, რაზეც რემონტის დროს ყურადღება უნდა გაამახვილოთ, შპალერის ფერებია.
ნაკლებად განათებული ოთახისთვის, უმჯობესია, თბილი, ნათელი ფერის მაგალითად, ჩალისფერი, ატმისფერი ან ყვითელის სპექტრის შპალერი შეირჩეს, რომელიც ოთახს უფრო ნათელს გახდის და უფრო მეტ სივრცეს შესძენს.
ნათელი ოთახებისთვის უკეთესი იქნება თუ ლურჯისა და მწვანეს სპექტრის, ცივ ნათელ ფერებზე შეაჩერებთ არჩევანს.
ისეთი ნათელი ფერები როგორიცაა წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი საძინებლისთვის გამაღიზიანებელ ფერებად ითვლება, შესაბამისად, მშვიდი ტონალობის შპალერი უკეთესი არჩევანი იქნება.
წითელი და ნარინჯისფერი ტონალობის ფერები სამზარეულოსთვის უფრო მისაღებია, მეტიც, ხსნებული ფერები მადის მომატებაზეც კი ახდენენ გავლენას.
მისაღები ოთახი ფერების კომბინაციისა და ფანტაზიის საშუალებას იძლევა, თუმცა შპალერის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ავეჯსაც. ავეჯთან ფერების შეხამება უნდა მოხდეს ფერთა გამის მიხედვით და არა ზუსტად ავეჯის ტონალობის მიხედვით. მაგალითად, თქვენი მისაღების ავეჯი თუ ჩალისფერია, შპალერსაც ჩალისფერს ნუ შეარჩევთ, რადგან ერთფეროვნება განწყობაზე მოქმედებს და მომაბეზრებელი ხდება გარემო.
მუქი ფერის ავეჯს უხდება მწვანე ტონალობის ფერები, რომლის გაზავება შეიძლება თეთრითა და ნაცრისფერის კომბინაციით.
ძვირადღირებული მასალისგან დამზადებულ ავეჯს კარგად ეწყობა ბორდოსფერი, ყავისფერი, შოკოლადისფერი და ჩალისფერი.
ბავშვთა ოთახისთვის მშვიდი ტონალობის ფერებია მისაღები. უმჯობესი იქნება ისეთ ნეიტრალურ ფერზე შეაჩეროთ არჩევანი, რომელიც როგორც გოგოსთვის ისე ბიჭისთვის მისაღები იქნება.
რაც შეეხება შპალერის მასალას
რეკომენდირებულია საძინებლებსა და ბავშვთა ოთახებში ბუნებრივი მასალისგან დამზადებული შპალიერის გაკვრა. კედლებსაც მიეცემა „სუნთქვის“ საშუალება;
აბაზანასა და სამზარეულოში უმჯობესია ისეთი შპალიერის გაკვრა, რომელიც არ უშინდება ტენიანობას. როგორც მოგეხენებათ სხვა ოთახებისგან განსხვავებით აბაზანა და სამზარეულო ტენიანობით გამოირჩევა;
შემოსასვლელისა და კორიდორისთვის უნდა შეირჩეს ისეთი შპალიერი, რომელიც სველი წესით გაწმენდას გაუძლებს, ვინაიდან მტვერი ხსენებულ სივრცეში ყველაზე მეტად გროვდება.