თეგებით ძიება

„არ ამბობს არაფერს ეროვნული ბანკი. როგორც ჩანს, თხამ შეჭამა რეზერვი“ - რომან გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი და სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების თებერვლის თვის სტატისტიკა არ იძლევა იმ კითხვაზე პასუხს თუ რამ განაპირობა თებერვლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვების 202 მილიონი დოლარით შემცირება.

რამ შეჭამა რეზერვი? არ ამბობს არაფერს ეროვნული ბანკი. როგორც ჩანს, თხამ შეჭამა რეზერვი. ეროვნულ ბანკს დღემდე არ განუმარტავს, რატომ შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვები 202 მილიონი დოლარით თებერვლის თვეში. გუშინ შევიტყვეთ, რომ ეროვნულ ბანკს დოლარები თებერვალში არ გაუყიდია, მანამდე ვიცოდით, რომ მთავრობამ საგარეო ვალის მომსახურებისათვის იანვარ-თებერვალში დახარჯა 130 მილიონი დოლარი, ანუ თვეში საშუალოდ 65 მილიონი დოლარი. რა მოხდა თებერვალში? როცა დროზე არ რეაგირებ კითხვებზე ( არა და თითქმის ერთი თვე გავიდა), ეს ან არაკომპეტენტურობის ბრალია, ან რაღაცა იმალება შეგნებულად წერს რომან გოცირიძე.
მანამდე კი ყოფილმა დეპუტატმა ასეთი შინაარსის სტატური გამოაქვეყნა:

“გამოქვეყნდა (რა თქმა უნდა, ერთი თვის დაგვიანებით), ეროვნული ბანკის სტატისტიკა უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ. აქედან ჩანს, რომ ეროვნულ ბანკს თებერვლის თვეში უცხოური ვალუტა არც შეუსყიდია და არც გაუყიდია. ეს იმას ნიშნავს, რომ თებერვლის თვეში რეზერვების 202 მილიონი დოლარით შემცირებაში ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებს არ მიუძღვის წვლილი.

რეზერვების შემცირება ძირითადად ხდება საგარეო ვალის მომსახურებისა და ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების გაყიდვის გზით. არის ასევე მთავრობის საგარეო სხვა სახის ხარჯებიც, რომლებიც ძალიან მცირეა ვალის გასტუმრების ხარჯებთან შედარებით.

თებერვლის თვეში სახელმწიფო ვალი დაფარული იქნა დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ოდენობით. მაშინ იბადება კითხვა-სად წავიდა რეზერვებიდან 122 მილიონი დოლარი? ამაზე პასუხი უნდა გაეცა ეროვნულ ბანკს თებერვლის თვის ბოლოს, როცა რეზერვების შესახებ სტატისტიკა გამოქვეყნდა. ეს არ გაუკეთებია. ახლა უნდა დავიწყოთ მარჩიელობა და ათას რამეზე ფიქრი.

რეზერვების სტატისტიკაში წარმოქმნილ ბუნდოვანებაში რაიმე კრიმინალს კი არ ვეძებთ. ეს ფაქტო მიუთითებს ეროვნული ბანკის არაპროფესიონალიზმზე, რომელიც თავად წარმოშობს ეჭვებს იქ, სადაც შეიძლება საეჭვო არაფერი იყოს.

ეროვნული ბანკი და მთავრობა დროულად უნდა აკმაყოფილებდეს საზოგადოების და სპეციალისტების მოთხოვნებს საჭირო ინფორმაციაზე.

რეზერვების საკითხი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც საერთაშორისო იზოლაციის პირობებში გარდაუვალია მისი მნიშვნელოვნად შემცირება. წლის ბოლომდე, მხოლოდ საგარეო ვალის მომსახურებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 800 მილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს, მისი შევსების რესურსები კი თითქმის ნულოვანია.”- აცხადებს გოცირიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა