EU შუა დერეფნის განვითარებას გეგმავს - რა როლი ექნება საქართველოს?
“სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” საკუთარ შეფასებას აქვეყნებს ევროკავშირის პროგრამაზე Global Gateway, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობასაც ითვალისწინებს. ორგანიზაციის განცხადებით, ევროკავშირი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით შუა დერეფნის განვითარებაზე დებს ფსონს, თუმცა გაურკვეველია რა იქნება საქართველოს როლი ამ საინვესტიციო პროექტებში.
ევროკავშირმა Global Gateway პროგრამის ფარგლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის 12 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტი დააანონსა. ამის შესახებ, მიმდინარე წლის აპრილში სამარყანდში გამართულ სამიტზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. Global Gateway-ი ახალი ევროპული პროგრამაა, რომლის მიზანი მაღალტექნოლოგიური, მწვანე და უსაფრთხო გლობალური კავშირების განვითარებაა ისეთ სფეროებში – როგორიცაა დიგიტალიზაცია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და კვლევები.
გამოყოფილი 12 მილიარდი ევრო ოთხი ძირითადი სფეროს განვითარებაზე იქნება მიმართული: ტრანსპორტი (3 მილიარდი ევრო), კრიტიკულად აუცილებელი მინერალები (2.5 მილიარდი ევრო), წყლის რესურსები, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება (6.4 მილიარდი ევრო) და ციფრული კომუნიკაციები (100 მილიონი ევრო).
გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) პარალელურად რეგიონისთვის ავითარებს 7 – 8 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების დამატებით პაკეტს, რომლის განხორციელება ეტაპობრივად 2027 წლამდე იგეგმება.
აღნიშნული ინვესტიციები მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, როგორიცაა კრიტიკული მინერალების მოპოვება და განახლებადი ენერგიის განვითარება. სატრანსპორტო სფეროში Global Gateway-ის ინიციატივა, პირველ რიგში, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებას და განვითარებას გულისხმობს. ევროკომისიის ხელმძღვანელის განაცხადებით, ცენტრალური აზიის ქვეყნები ფლობენ მანგანუმის მსოფლიო მარაგის 40%-ს, ასევე ლითიუმის და გრაფიტის მნიშვნელოვან მოცულობებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ევროკავშირი Global Gateway-ის ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით შუა დერეფნის განვითარებაზე დებს ფსონს.
"აღნიშნულ კონტექსტში წარმოუდგენელია ამიერკავკასიის სამი სახელმწიფოს გარეშე სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარება. ევროკავშირი ვარაუდობს, დროში გაწელილი არასაკმარისი ინვესტიციების გამო, ახლო მომავალში შუა დერეფანს წარმოექმნება ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის შეზღუდვები, რაც მას ხელს შეუშლის, ტრადიციული ჩრდილოეთ მარშრუტის სრულფასოვან ალტერნატივად ჩამოყალიბების საქმეში.
Global Gateway-ის პროგრამის გამოყენებით, ევროკავშირის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა ბრიუსელს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვოს უფრო მეტი აღიარება ცენტრალურ აზიაში და რეგიონისთვის გახდეს თვალსაჩინო მოთამაშე", - წერია ორგანიზაციის მიმოხილვაში.