რა არის სილიკაგელი და როგორ უნდა გამოიყენოთ ეს პატარა ბურთულები?
ახალი ფეხსაცმლის ყუთში ყველას უნახავს ორი პატარა პაკეტი პატარა, გამჭვირვალე ბურთულებით. პაკეტებზე მითითებულია, რომ ბურთულების საკვებად გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ მათ პირდაპირ ნაგვის ყუთში მოისვრიან, თუმცა ეს შეცდომაა! ბურთულების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრჯერ შეიძლება.
1. რა არის პაკეტებში?
პაკეტებში პატარა ბურთულები ყრია, რომლებიც სილიკატურ გელს, ანუ სილიკაგელს, შეიცავენ. ეს არის გამოშრალი ნივთიერება, რომელიც სილიციუმის მჟავისგან შედგება. მწარმოებლები სლიკაგელს ყუთში იმისთვის ათავსებენ, რომ ფეხსაცმელი ტრანსპორტირების დროს და შემდგომ პერიოდში მშრალად შეინახონ.
2. რამდენ სითხეს შთანთქავს სილიკატური გელი
მწარმოებლების გამოთვლით, ხუთ ტონა სილიკაგელს ორი ტონა წყლის შეწოვა შეუძლია. მიზეზი ისაა, რომ თითოეული ბურთულის ზედაპირის ფართობი მის მასას ბევრად აღემატება. მაგალითად, ერთი გრამ სილიკაგელს დაახლოებით, 800 კვადრატული მეტრი ფართობის ზედაპირი აქვს, რაც ორი კალათბურთის მოედნის ტოლია! უცხოეთში სილიკაგელის ბურთულებს ხშირად კატის ტუალეტში ყრიან, რადგან ის კარგად შეიწოვს როგორც სითხეს, ისე უსიამოვნო სუნებს და ხელს უშლის ობის წარმოქმნას.
3. ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება
თუ ფანჯრის მინები ხშირად იბურება, შეგიძლიათ სილიკაგელი ლამაზ ლარნაკში მოათავსოთ და ფანჯრის რაფაზე დადგათ.
სილიკაგელის პაკეტები სამზარეულოშიც გამოგადგებათ. თუ მარილი, შაქარი და სხვა პროდუქტები ხშირად გისველდებათ, სილიკაგელის რამდენიმე პაკეტი სამზარეულოს კარადებში, თაროებზე დაალაგეთ.
ჩაალაგეთ სილიკაგელის პაკეტები ჩანთაში, სადაც სპორტულ ტანსაცმელს ინახავთ – ბურთულები როგორც სუნს, ისე ტენს შეიწოვენ, რომელიც ვარჯიშის დროს დაგროვდა.
თუ შემთხვევით ტელეფონი წყალში ჩაგივარდათ, ჩადეთ ის ჰერმეტულ პაკეტში სილიკაგელთან ერთად. ის სისველეს შეიწოვს და ტელეფონის დაზიანებას თავიდან აგაცილებთ.
დადეთ სილიკაგელის რამდენიმე პაკეტი კარტოფილთან ან ხახვთან ერთად — ეს ხელს შეუშლის პროდუქტების სწრაფად გაფუჭებას.
სილიკაგელის რამდენიმე პაკეტი მოათავსეთ პატარა ტომსიკაში და კარადაში, ფეხსაცმელებში მოათავსეთ. ამით ფეხსაცმელს დაიცავთ ტენისგან, რომელიც ზოგჯერ სახლშიც ჩნდება.
კიდევ ერთი საინტერესო ხრიკი, რომელიც განსაკუთრებით მებაღეებს გამოადგებათ - სილიკაგელით შეიძლება მცენარეთა სათესლე მასალის სიმშრალე შეინარჩუნოთ. მაგალითად, მათ თუ მცენარეთა თესლებთან და ბოლქვებთან ერთად შეინახავთ, ისინი ზედმეტ სისველეს შეიწოვენ და ბოლქვები კარგად შეინახება.
4. სახიფათოა თუ უსაფრთხო?
როგორც ნახეთ, სილიკაგელს ბევრი დანიშნულება აქვს, მაგრამ საინტერესოა, ხომ არ არის ის მავნე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამზარეულოში ვიყენებთ? როგორც ირკვევა, სილიკაგელი ტოქსიკური არ არის, პირიქით, ეკოლოგიურად სუფთა მასალად მიიჩნევად, თუმცა ცხადია – მისი ჭამა არ შეიძლება!.
სილიკაგელი მხოლოდ მაშინ შეიძლება საშიში გახდეს, თუ საწარმოო პროცესში ადამიანი სილიკაგელის მტვერს მიკროსკოპული ნაწილაკების სახით ხშირად ჩაისუნთქავს.