როგორ გავწმინდოთ ხალიჩა
ხალიჩის წმენდის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება მისი მტვერსასრუტით დამუშავებაა, თუმცა, დროდადრო, უფრო საფუძვლიანი წმენდა ხდება საჭირო. თუ რეცხვის ფუნქციის მქონე მტვერსასრუტი არ გაქვს, ხალიჩის წმენდისთვის შემდეგი ხერხები გამოგადგებათ.
თოვლით წმენდა - ზამთრში ხალიჩის თოვლით წმენდა შეიძლება, მით უმეტეს, თუ თოვლი მშრალია. პირველ რიგში, ხალიჩა მტვერსასრუტით გაწმინდეთ, რომ ზედმეტი მტვერი მოაცილოთ და საქმეს შეუდექით. ჩაიტანეთ ხალიჩა ეზოში, სუფთა ცოცხით ბევრი თოვლი დააყარეთ და ცოტა ხნის შემდეგ გადახვეტეთ. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ. ამ პროცესში საბერტყის გამოყენებაც შეიძლება.
მარილით წმენდა. ხალიჩას ბლომად მსხვილი მარილი მოაყარეთ და უხეში ჯაგრისით კარგად შეაზილეთ. როცა მარილი გამუქდება, ცოცხით გადახვეტეთ და ხალიჩა მტვერსასრუტით დაამუშავეთ. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.
სოდა და მარილი 1:1 პროპორციით აურიეთ და ხალიჩას მოაყარეთ. სადაც დაბინძურება მეტია, შეგიძლიათ ხალიჩა ჯაგრისის დახმარებით გაწმინდოთ. 20 წუთის შემდეგ გამოყენებული სოდა მტვერსასრუტით აიღეთ. ამ ხერხს დიასახლისები დიდი ხანია, იყენებენ, რადგან ეფექტური და უსაფრთხოა.
ჩაის ნაყენით წმენდა. ეს ხერხი ღია ფერის ხალიჩებისთვის არ გამოდგება, თუმცა მუქ ხალიჩებს გაწმინდავს და ელვარებას მიანიჭებს. ჩაის ფერი დააყენეთ, შემდეგ დოლბანდში მოათავსეთ და გაწურეთ. ამის შემდეგ ჩაის ფერი ხალიჩაზე დაყარეთ და 15 წუთის შემდეგ მოაცილეთ.
ძმრით წმენდა. ძმარი ხალიჩის ფერს მშვენივრად აცოცხლებს. ძმრით გაწმენდამდე ხალიჩა მტვერსასრუტით გაწმინდეთ. 1 ლიტრ წყალში 15-20 მლ სუფრის ძმარი აურიეთ და ხალიჩას რბილი ჯაგრისით ან ღრუბლით გადაუსვით. ნახევარი საათის შემდეგ ხალიჩა მშრალი ჩვრით, ბეწვის მიმართულებით გაწმინდეთ და ოთახი გაანიავეთ.
ხალიჩიდან ლაქების მოცილება:
ხალიჩიდან ცხიმოვანი ლაქების მოსაცილებლად გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
ლაქაზე დაყარეთ ცარცი ან ტალკი, დააფარეთ სუფთა ქაღალდი და ზემოდან თბილი უთო გაუსვით.
ნახერხი დაასველეთ ბენზინში, დალაქავებულ ადგილს მოაყარეთ და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ხალიჩას ნახერხი მოაცილეთ და ოთახი გაანიავეთ.
მელნის ლაქების მოსაცილებლად გამოიყენება ლიმონის ან ძმრის მჟავა ან სპირტი. წმენდა მონაცვლეობით ხდება: ერთი ნაჭერი დასველეთ მჟავაში ან სპირტში, მეორე – რძეში და ლაქას ჯერ ერთი, მერე მეორე ნაჭერი გადაუსვით.
უცნობი წარმოშობის ლაქების მოსაცილებლად თბილ საპნიან წყალს ამიაკი დაუმატეთ, ტილო დაასველეთ და ლაქა გაწმინდეთ.