საძირკვლის გამაგრებისა და გაძლიერების მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდით კეთილსინდისიერად ჩატარებული სამუშაოები ყოველთვის ეფექტურია - თამაზ ხმალაძე
რა შეიძლება მოჰყვეს შენობის საყრდენი კედლის დაზიანებას, როდის არის შენობის საძირკველის გამაგრება აუცილებელი და რამდენად ეფექტურია ეს გზა? - ამ და სხვა თემებზე TIA.GE -ს სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის უფროსი, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი თამაზ ხმელიძე ესაუბრა.
_ ბატონო თამაზ, გვიამბეთ საყრდენი კედლების მნიშვნელობაზე მშენებლობაში (როგორ ხდება საყრდენი კედლების გაძლიერება, რა შეიძლება მოჰყვეს საყრდენი კედლის დაზიანებას და ა. შ).
_ საყრდენი კედელი სამშენებლო კონსტრუქციაა, რომელიც იჭერს გრუნტის მასივს და იცავს გზას, შენობას, ნაგებობას, ფერდოს ჩამოქცევისაგან. კეთდება მაშინ, როდესაც ფერდოს ბუნებრივი დახრის კუთხე მეტია ამ კუთხის ზღვრულ მნიშვნელობაზე. თუ გრუნტში არსებობს გრუნტის წყლები, მაშინ საყრდენი კედელი ასრულებს დრენაჟის მოვალეობასაც, რათა შემცირდეს კედელზე სველი გრუნტის დაწნევა. სიმაღლის მიხედვით არის სამგვარი: დაბალი (10 მ-მდე სიმაღლის), საშუალო - 10-20 მ და მაღალი - მეტი 20 მ-ზე. მასალის მიხედვით: რკინაბეტონის, ბეტონის, ყორებეტონის, გაბიონი, აგურის, ხის და ლითონის.
საყრდენი კედლის გასაძლიერებლად გამოიყენება კონტრფორტები (სიხისტის წიბოების), დაანკერება, ლითონის სალტეები, შესაძლებელია დამატებითი წინაღობების მოწყობა და სხვ. (დამოკიდებულია ადგილობრივ პირობებზე და გრუნტის ფიზიკურ-მექანიკურ მახასიათებლებზეც).
საყრდენი კედლის დაზიანებას, ავარიას, ჩამოქცევას ყოველთვის თან ახლავს დიდი მატერიალური ზარალი, ზოგჯერ კი ადამიანების ტრამვატიზმი და მსხვერპლი.
_ არამზიდი კედლების მნიშვნელობა. გამართლებულია თუ არა, მობინადრეების მხრიდან არამზიდი კედლების თვითნებურად მოშლა, გადაადგილება და ა. შ.
_ არამზიდი (თვითმზიდი, იგივე ტიხარი) კედლის დანიშნულებაა სათავსების ერთმანეთისგან იზოლირება. ასეთი კედლების მოშლა ან გადაადგილება სამშენებლო ნორმებით აკრძალული არ არის. მობინადრეს უფლება აქვს არამზიდი კედლები დაანგრიოს ან გადაადგილოს, რადგან ეს პროცესი არავითარ გავლენას არ ახდენს მთლიანი შენობის მზიდუნარიანობაზე.
_ რით განსხვავდება ერთმანეთისგან ვაკე ადგილზე და ფერდობზე აგებული შენობების საძირკვლები?
_ დავიწყოთ იმით, რომ არაკლდოვან გრუნტებზე საძირკვლების სხვადასხვა დონეზე მოწყობა დაუშვებელია. სხვადასხვა დონეზე მოწყობილი საძირკვლები დასაშვებია კლდოვან გრუნტებზე გრუნტის ხახუნის კუთხეზე დამოკიდებულებით (იხ. ქვემოთ).
საერთოდ მიღებულია, რომ საძირკვლები ვაკეზეც და ფერდოებზე განლაგებული უნდა იყოს ერთ დონეზე.
სამშენებლო ნორმები და წესები - „სეისმომედეგი მშენებლობა“ (პნ 01.01-09)
„არაკლდოვან გრუნტზე განთავსებული შენობის ან ნაკვეთურის საძირკვლები, უნდა იყოს მოწყობილი ერთ დონეზე“ (მუხლი 7, პუნქტი 9).
„სამშენებლო მოედანი, რომელიც განლაგებულია 150 -ზემეტი დახრის მქონე ფერდობზე ან ხასიათდება ფიზიკურ-გეოგრაფიული პროცესებით: ქანების ძლიერი დანაწევრებით, მეწყერებით, ზვავებით, ღვარცოფებით, კარსტებით, მცურავი ქანებით, აგრეთვე მიწისქვეშა გამონამუშევრებით - სეისმური თვალსაზრისით წარმოადგენს არახელსაყრელ მოედანს. ამ უბნების ლოკალიზაცია და სეისმური საფრთხის შეფასება ხორციელდება სეისმური მიკროდარაიონების სამუშაოების შესრულების დროს. ასეთ მოედნებზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა განხორციელდეს დამატებითი ღონისძიებები ფუძის გამაგრებისა და კონსტრუქციების გაძლიერებისათვის“ (მუხლი 3, პუნქტი 17).
სამშენებლო ნორმები და წესები - „შენობებისა და ნაგებობების ფუძეები“ (პნ 02.01-08)
„თუ არაკლდოვან გრუნტებში საძირკვლის ჩაღმავება ერთ დონეზე არ ხერხდება, შიგა ხახუნის კუთხის საანგარიშო მნიშვნელობა უნდა შემცირდეს: 7-ბალიან რაიონებში 20-ით, 8-ბალიანში - 40-ით და 9-ბალიანში 70-ით (მუხლი 15, პუნქტი 2).
„გრუნტის შიგა ხახუნის კუთხე“ - ვერტიკალური დაწოლისგან გრუნტის ჭრაზე წინაღობის პირდაპირი პარამეტრი, ანუ ეს არის ვერტიკალური ან ნორმალური ძაბვის ფარდობა ჰორიზონტალურ (მხებ) ძაბვასთან. მათი ერთობლივი მოქმედება იწვევს გრუნტის ნაწილაკების გადაადგილებას ერთმანეთის მიმართ. ამ მაჩვენებელზე გავლენას ახდენს ხახუნის ძალა.
- როგორ ხდება მრავასართულიანი სახლების საძირკველის გამაგრება და რამდენად ეფექტურია ეს გზა?
_ მრავალსართულიანი სახლის საძირკვლების გამაგრების მრავალი ხერხი არსებობს, ესენია: ცემენტაცია; ინექცირება; გაძლიერება რკინაბეტონის გარსაცმით; გაძლიერება დამატებითი ხიმინჯებით; გამაგრება ნაბურღ-ნატენი ხიმინჯებით; გამაგრება ნაბურღ-ინექციური ხიმინჯებით; ტორკრეტირებით; გობისებრი რკინაბეტონის ფილის მოწყობით (ეს მეთოდი კარგია იმ დროს, როცა შეუძლებელია ხიმინჯების გამოყენება - სარდაფის სიმაღლე ამის საშუალებას არ იძლევა და გარე პერიმეტრიდანაც გასაძლიერებელი საძირკვლები მიუწვდომელია).
_ იქნებ ისიც გვითხრათ, როდისაა აუცილებელი საძირკვლების გამაგრება?
_ საძირკვლების გაძლიერება ან გამაგრება აუცილებელია შემდეგ შემთხვევებში: გრუნტის დასუსტება; საძირკვლის დაზიანება; დატვირთვების გაზრდა საძირკველზე; საექპლუატაციო პირობების შეცვლა; წყალდიდობა; გრუნტის ეროზია; ახლომდებარე მშენებლობის გავლენა არსებული შენობის საძირკვლებზე; გრუნტის წყლების დონის მატება. საძირკვლის გამაგრებისა და გაძლიერების მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდით კეთილსინდისიერად ჩატარებული სამუშაოები ყოველთვის ეფექტურია.