TOP სამი ყველაზე მავნე ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ნებისმიერი ბავშვი, ასე თუ ისე გამოირჩევა სიცელქით ასაკის შესაბამისად. თუმცა დამეთანხმებით, რომ არსებობენ ამ მხრივ იშვიათი "გამონაკლისებიც", რომელთა დედ-მამასაც მართლაც რომ მედალი ეკუთვნის მამაცობისა და ამტანობისთვის. ჩვენ მოგიყვებით ზუსტად იმ ბავშვების შესახებ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებიც განსაკუთრებული მავნებლობით გამოირჩევიან რათა წინასწარ იცოდეთ, რა "სიურპრიზებს" გიმზადებთ პატარას სახით დედა ბუნება.
ტყუპი - თუ კარგად დააკვირდებით, მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ფეხებზე ფრთებით გამოისახებოდა ძველ მითოლოგიაში. ჰოდა, თქვენი პატარა ტყუპიც შესაძლოა კი არ დადიოდეს, დაფრინავდეს, ამ სიტყვის სრული და გადატანითი მნიშვნელობით. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები საშინლად მოუსვენრები, ცელქები და მოქნილები არიან. ტყუპს კარგად ეხერხება ხელებისა და ფეხების მრავალფუნქციურად გამოყენება. ამიტომ მეეჭვება ყველა მისი სიცელქე და მავნებლობა ერთბაშად აღკვეთოთ. ამ წუთას რომ ჩართული მიქსერიდან გამოაყოფინებთ თითებს, წამის მეასედში მტვერსასრუტს შეუშვერს ლოყას. ერთადერთ გამოსავლად მის "დასაშოშმინებლად" ინტელექტუალური გასართობი გრჩებათ. წაუკითხეთ წიგნები, ზღაპარი მოუყევით, მხოლოდ ასე დააოკებთ ცოტა ხნით მის მოუსვენრობას.
მშვილდოსანი - მისი პრობლემა ხიფათიანობაა. პატარა მშვილდოსანი, მაქსიმალურად ცდილობს ყველაფერს მიწვდეს, რაც კი თვალსაწიერზე ეგულება. შესაბამისად, არ ერიდება ავეჯზე აბობღებას, კარადის სახურავიდან საწოლზე გადაადგილებას და ა.შ. მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ პატარებს ქუდბედიანობა ახასიათებთ, მომატებულ ხიფათისმაძიებლობასთან ერთად. ამიტომ შესაძლოა ზოგჯერ წარმოუდგენელი პრობლემებიდანაც კი უვნებლად დაიძვრინოს თქვენმა პატარამ თავი. მის გასართობად სასურველია სახლში ოთხფეხი ბინადრები იყოლიოთ, ასე იგი ცოტა ხნით მაინც მოიშლის ავეჯზე და კედელ-კედელ გადაადგილებას.
მერწყული - დანარჩენებს შორის, ერთი შეხედვით ყველაზე "უწყინარის" შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მერწყულის ზოდიაქო ყველაზე მეტ ვუნდერკინდ და არასტანდარტულად მოაზროვნე პატარას წარმოშობს. ამიტომ თქვენი შვილი გენიოსია თუ აბსოლუტური შეშლილი, ეს კითხვა მისი მცირე ასაკიდანვე შეგაწუხებთ. პატარა მერწყული ანგელოზის სახით "მავნებლობს" ხოლმე. მას ძალიან უყვარს ტექნიკის ან სათამაშოების კვლევა. რაც იმაში მდგომარეობს, რომ შლის და გულდასმით სწავლობს მათ შიგთავსს. გარდა ამისა, იგი სიამოვნებით ერთობა აივნიდან მომაბეზრებელი კარაქიანი პურის სროლით, რომელსაც თეფშიც შეიძლება ახლდეს თან. საიმისოდ, რომ მერწყულის ცნობისმოყვარეობა დააოკოთ, შეუძინეთ მას კონსტრუქტორები ან ფაზლებით გაართეთ. ამგვარ პატარას მომატებული გონებრივი აქტივობა გააჩნია.
წყარო: astrologi.ambebi.ge