ალუბლის ჩირი
ალუბლის ჩირი - განსაკუთრებული ზამთრის მარაგია. რადგან ის სარგებლობის მიხედვით ბევრად წინ უსწრებს კომპოტს, მურაბასა თუ გაყინულ კენკრას.
გამოიყენება ნამცხვრების, კრემებისა და მუსების მომზადებისას - ანიჭებს საოცარ არომატს და სასიამოვნო მომჟაო გემოს.
ხოლო ის, რაც ბლისა და ალუბლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ, წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე!
ინგრედიენტები
ალუბალი - 2,5 კგ
შაქარი - 1 კგ
მომზადების წესები
ალუბალი გარეცხეთ გამდინარე ცივ წყალში. თუკი ეჭვობთ, რომ შესაძლოა კენკრას ჰყავდეს მატლი, ჩაალბეთ ცივ მარილწყალში 20 წუთით, შემდეგ კი გარეცხეთ გამდინარე წყალში.
გამოკურკეთ ალუბალი და დააყარეთ შაქარი. გააჩერეთ 4-5 საათი, რათა გამოუშვას წვენი, ხოლო ნაყოფს კარგად გაუჯდეს სიტკბო.
გაწურეთ. სიროფი ჩაასხით დიდ ქვაბში, დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. ჩაყარეთ ალუბლები და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
კვლავ გაწურეთ. სიროფი შეგიძლიათ ცალკე ქილებში დახუფოთ და გამოიყენოთ ზამთარში, ან მაშინვე - მაგალითად, ტორტის, ან ნამცხვრის დასანამად.
ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაალაგეთ მასზე ალუბლები ერთ ფენად. ეცადეთ ნაყოფი ერთმანეთთან შორი-შორს იდოს, რათა გაშრობისას არ შეწებდეს.
მოათავსეთ ალუბალი 80 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაშრეთ 1,5 საათის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, ღუმელის კარი ამ დროს შეღებული უნდა იყოს. შემდეგ დაუკელით ღუმელის ტემპერატურას 50 გრადუსამდე და აშრეთ კენკრა კიდევ 2,5 საათის განმავლობაში.
ალუბლის მზა ჩირი რბილი უნდა იყოს და ხელით მოსრესისას არ უშვებდეს წვენს. ალუბლის ჩირის შენახვა მოსახერხებელია მინის ქილებში, გრილ ადგილას. შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარშიც.