თეგებით ძიება

მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე თევზებში

მათთვის, ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზის (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს. ამიტომ, რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იმავე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.





თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ნიშნებში:



მთვარე თევზებში

ადამიანი, რომელიც მთვარის ამგვარი მდებარეობით ევლინება ქვეყანას უზომოდ ემოციური, ინტუიტიური და გულჩვილია. მთვარით თევზი ადვილად ემორჩილება ზემოქმედებას, როგორც კარგს ისე ცუდს. მას აქვს ძალიან ფაქიზი ფსიქო-ემოციური სისტემა, რომელიც ღრუბელივით ისრუტავს გარშემო მყოფთაგან წამოსულ ემოციებს განურჩევლად იმისა დადებითია ეს თუ უარყოფითი.

მთვარით თევზებს თანამგრძნობი, გულმოწყალე და კაცთმოყვარე ბუნება გააჩნია, იგი გარკვეულწილად ბავშვური და ზედმეტად მიმნდობია სხვების მიმართ. რის გამოც ხშირად უხდება ცხოვრების გზაზე გულისტკენის და იმედისგაცრუების ატანა. აქედან გამომდინარე კი მისი ფსიქიკაც ზარალდება. ამ ადამიანებს ახასიათებთ განწყობის პერიოდული ცვალებადობა, მოწყენილობა და ცრემლებიც კი, რომელიც ხშირად აბსოლუტურად შეუსაბამოა სიტუაციასთან. ამასთან ერთად, მათი ემოციების გაგება, ხშირად უჭირთ გარშემო მყოფებს. განსაკუთრებით მათ ვისაც მასავით სენსიტიური ემოციური ველი არ გააჩნია, ამის გამო მთვარით თევზებს ხშირად სდებენ ისინი ბრალს პანიკიორობასა და აფერისტობაში.

ადამიანი, რომელიც მთვარის ამგვარი მდებარეობით იბადება, ძნელად ეგუება რეალობის სიმკაცრეს. ვერ უგებს დისტანციურ, ანგარიშიან ხალხს და როგორც წესი ძალიან იტანჯება ასეთი ადამიანების გარემოცვაში. ამ ხალხის უმრავლესობა ზედმეტად მძაფრად აღიქვამს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, შენიშვნას თუ უბრალოდ რჩევას, რომელიც მტკიცე ტონითაა ნათქვამი. მართალია მათში ძლიერადაა განვითარებული ინტუიციური თვისებები, მაგრამ ამ ხალხს ხშირად ატყუებს საკუთარი წარმოსახვა, იმის გამო, რომ მიდრეკილნი არიან ყველა და ყველაფერი გააიდეალონ, რომანტიზმის და მისტიკის ბურუსში გახვიონ ან ზომაზე მეტი იპტიმიზმით განეწყონ ფაქტების მიმართ. სურვილი კი ყველაფერს "ვარდისფერი სათვალეით" დაუწყონ ცქერა, ბევრჯერ ხდება მათი მხრიდან სხვებისთვის გადმოცემული ფაქტების დამახინჯების მიზეზი. რასაც საბოლოო ჯამში იქამდე მივყავართ, რომ მთვარით თევზებს ხშირად სდებენ ბრალს ფანტაზიორობასა და მატყუარობაში. რაც მისი სათუთი ბუნებისთვის კიდევ ერთი დარტყმაა.

სამწუხაროდ, ამ ადამიანებს მთვარის გავლენით ხშირად ერევათ წარმოსახვითი რეალობა და სინამდვილე ერთმანეთში, მიდრეკილნი არიან სასურველი არსებულთან გააიგივონ, ეს კი სულაც არ არის ტყუილის მცდელობა. უბრალოდ მათთვის დამახასიათებელი ორიგინალური ხედვაა, რომელიც ყველასთვის როდია მისაღები. სამაგიეროდ, ზემოთ ხსენებული თვისებების გამო, მთვარით თევზები შესანიშნავად ლავირებენ სახელოვნებო სფროებში. მათ უმრავლესობას გააჩნია მუსიკის, ხატვის, პოეზიის ან სამსახიობო ნიჭი. იმ შემთხვევაში თუ მთვარეს პირად კოსმოგრამაში განსაკუთრებით ნეგატიური ასპექტები არ აღენიშნება სხვა პლანეტებთან მიმართებაში, ამგვარი ადამიანი კეთილი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე და გულუხვი იქნება. ხოლო თუ მთვარე დაზიანებულია მისგან შეიძლება ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან საშიში ფსიქოპატი დადგეს, რომელიც არამარტო საკუთარი თავისთვის საზოგადოებისთვისაც წარმოადგენს საფრთხეს.

მთვარით თევზების კიდევ ერთი დიდი ნაკლი არის ის, რომ იგი ხშირად იცვლის შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებს. ამის მიზეზიც გარშემო მყოფთა ზეგავლენაა მის ფაქიზ ფსიქიკაზე. თუმცა სხვების თვალში მათი ამგავრი საქციელი ხშირად ლაჩრობად ინათლება, რის გამოც თევზმთვარიანი ადამიანი კიდევ უფრო იძირება დეპრესიაში. სამაგიეროდ, თუ იგი საკუთარ თავში ექსტრასენსორულ შესაძლებლობებს გააძიერებს (რაც მას უდავოდ გააჩნია ნეპტუნის გავლენის გამო) მას შეუძლია, საკუთარი ემოციური სამყაროსთვის დამცავი ბარიარი თავადვე ააშენოს, ისე რომ სამომავლოდ სხვებსაც გაუწიოს ფსიქოლოგიური თანადგომა და დაეხმაროს რეაბილიტაციაში. შემთხვევითი როდია, რომ მთვარის ამგვარი მდებარეობით ძალიან ბევრი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი იბადება. ეს ყველაზე საუკეთესო გზაა მთვარის ზემოთ ხსენებული მდებარეობის მქონე ადამიანისთვის საიმისოდ, რომ მან საკუთარ ნაკლოვანებებზე იმუშაოს და პლანეტების მიერ ბოძებული ემოციური ბუნება, ადამიანების სასიკეთოდ გამოიყენოს, ნაცვლად იმისა, რომ დეპრესიას მიცემულმა ცხოვრების სისასტიკეზე იწუწუნოს.

მთვარით თევზები პატარა ასაკიდან საჭიროებს სითბოს, ზრუნვას და მაქსიმალურ ემოციურ თანადგომას მშობლებისგან. ამიტომ თუ იგი მოსიყვარულე ოჯახში იზრდება, მას ნაკლებად ექნება დიდ ასაკში განსაკუთრებული სახის პრობლემები ფსიქოლოგიური კუთხით. ამ ადამიანებს უყვართ სილამაზე, ხელოვნება, მუსიკა... არაკომფორტულ, ხმაურიან და ნაკლებსტაბილურ გარემოში ისინი ძალიან იტანჯებიან, ცუდად გრძნობენ თავს და ბოლომდე იკეტებიან ემოციურად.
ქალის ჰოროსკოპში მთვარის ამგავრი მდებარეობა, მიანიშნებს იმას, რომ ზემგრძნობადობა და ემოციურობა შესაძლოა მისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საწინდარი გახდეს. ასეთი ქალები ძირითადად გვიან ქმნიან ოჯახს. თუმცა მათ გააჩნიათ გასაოცარი მაგნეტიზმი და მიმზიდველობა, რის გამოც არასოდეს უჩივიან თაყვანისმცემელთა სიმცირეს.
მამაკაცის რუკაში მთვარე თევზების ზოდიაქოში, მიანიშნებს იმას, რომ იგი ერთგული, მზრუნველი, მოსიყვარულე და თანამგრძნობი ბუნების მქონე ქალებით იხიბლება. თუმცა, ასეთი მამაკაცი ხშირად ექცევა პარტნიორის გავლენაში და ემოციურად ზედმეტად დამოკიდებული ხდება მასზე.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა