თეგებით ძიება

სახლების სისტემა - პირველი სახლი

ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ვიწყებთ სტატიების ციკლს ზოდიაქოს სახლების შესახებ. ასტროლოგიურად არსებობს თორმეტი სახლი , რომელიც სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.
ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს.


პირველი სახლი

კუთხოვანი, ცეცხლის სტიქიის, მამაკაცური ენერგეტიკის მქონე სახლი.

სიგნიფიქატორი – ვერძი

ფერი – თეთრი

ამ სახლში თავს კარგად გრძნობს მერკური, იმიტომ რომ ენა (მერკური) კარგად მუშაობს თავის (ვერძის) სახლში.

სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება: თავი და სახე

პირველი სახლის სფეროში ხვდება: ადამიანის ფიზიკური სიჯანსაღის საკითხი, სხეული ზოგადად, სასიცოცხლო პოტენციალი, პირველი სახლის ასპექტებით განისაზღვრება ადამიანის აგებულება, სიმაღლე, სიცოცხლის ხანგრძლივობა.
პირველი სახლი სიმბოლურად განასახიერებს პიონერი და ლიდერი ზოდიაქოს ნიშნის – ვერძის სახლს, იგი ასევე შეესაბამება ასცენდენტის ნიშანს, რაც თავის მხრივ მთავარ სასიცოცხლო არტერიას ნიშნავს.
ეს სახლი და მისი კომბინაციები ანახებს ადამიანის სასიცოცხლო ძალებს, მის გამძლეობასა და ენერგეტიკულ პოტენციალს ზოგადად. პლანეტა მარსი, რომელიც პირველი სახლის სიმბოლურ მმართველადაა მიჩნეული (ვერძს მოგეხსენებათ მარსი მართავს), თავის მხრივ ლაპარკობს იმაზე, თუ რამდენად გამოკვეთილია ადამიანში ინდივიდუალიზმი, ლიდერის თვისებები, საკუთარი "მე"-ს განცდა და ჯანსაღი ეგოიზმის დონე.
პირველი სახლი სიმბოლურად თავსა და სახეს შეესაბამება. ამიტომ თუ ადამიანის პირად რუკაში სატურნი, მარსი ან აღმავალი კვანძი (რახუ) პირველ სახლშია განლაგებული, ასეთ პიროვნებას აუცილებლად ექნება ნაწიბური, ხალი ან ჭრილობა სახის მიდამოებში ან თავზე.
პირველი სახლი რიგით მეოთხე სახლია მეათე სახლის სათვალავიდან, ამიტომ მისი ასპექტები მედიუმ ქოელთან მიმართებაში ხშირად განაპირობებს ინდივიდის ცხოვრებაში კარიერულ პერიპეტიებს, წარმატების შანსებს და ზოგადად გზას, რომელიც მან პროფესიულად უნდა გაიაროს.
ინდივიდუალურ რუკაში პირველი სახლების ინტენსივობა, როგორც წესი მიანიშნებს იმას, რომ პიროვნება ეგოიზმის დიდი დოზითაა დაჯილდოვებული. ამიტომ ინფანტილიზმს და ბავშვურობას, ზოგჯერ მისი მხრიდან სხვებისთვის პრობლემები მოაქვს. განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება არასერიოზული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და ზოგადად სურვილი, მუდმივად დარჩეს "დიდ ბავშვად", როცა რახუ – აღმავალი კვანძი მდებარეობს პირველ სახლში. პირველი სახლების დიდი დოზა ასევე მიუთითებს იმას, რომ ადამიანს გამოკვეთილი პრინციპები და თავმოყვარეობა გააჩნია, რაც ხშირად უბიძგებს დიქტატურისკენ.

მარსი პირველ სახლში – ძირითადად იზიდავს ძლიერ და კონფლიქტურ მოწინააღმდეგეებს ცხოვრების გზაზე. მარსის ამგვარი კომბინაცია ასევე მიუთითებს ქირურგიული ჩარევის ალბათობაზე სახის მიდამოებში.

სატურნი პირველ სახლში – ცხოვრების მანძილზე ხშირი იმედის გაცრუების მიმანიშნებელია. სატურნი ყინავს ან აფერხებს მოვლენებს. ხშირ შემთხვევაში სატურნის ეს დგომა მიანიშნებს კბილების სისუსტეზე ან ძვლოვანი სისტემის პრობლემაზე.

ურანი პირველ სახლში – მოაქვს შოკისმომგვრელი, ფატალური და აბსოლუტურად დაუგეგმავი მოვლენები ადამიანის ცხოვრებაში. ზოგჯერ ელექტროტექნიკასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების, ან ავარიების სიგნიფიკატორია.

ნეპტუნი პირველ სახლში – ემოციური დისბალანსის, ნერვული სისტემის სისუსტისა და აპათიურობისკენ მიდრეკილების მაჩვენებელია. ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან ილუზიებით ცხოვრებისკენ და თავის მოტყუებისკენ. თუმცა, მათ უმრავლესობას შესანიშნავი შემოქმედებითი მონაცემები გააჩნია.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა