თეგებით ძიება

სელენა ზოდიაქოს ნიშნებში - სელენა თევზებში

აქამდე არაერთი სტატია და განხილვა მიეძღვნა ფორუმზე შავი მთვარის იგივე ლილიტის განლაგებას და მის გავლენას ადამიანზე (უფრო კონკრეტულად ლილიტზე ინფორმაცია იხილეთ აქ http://forum.astrologi.ge/viewtopic.php?f=9&t=16) , თუმცა ამის პარალელურად ვფიქრობ უპრიანი იქნება თუ თეთრ მთვარეს იგივე სელენასაც დავუთმობთ ყურადღებას. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ სელენას განლაგებაც შეიცვალა და იგი სასწორის ზოდიაქოს ნიშნიდან, მორიელის ზოდიაქოში გადავიდა.

სელენა ნებისმიერი ჩვენგანის პირად კოსმოგრამაში ფიგურირებს, ლილიტთან ერთად. თუმცა თუ ლილიტი წარსული ინკარნაციებიდან გადმოყოლილ ფარულ საფრთხეებზე და მავნე ჩვევებზე მიგვანიშნებს, სელენა მის საპირისპიროდ მიუთითებს იმას, თუ რა სახის ნათელი კარმა დავაგროვეთ ჩვენ წარსულ ცხოვრებაში. სწორედ ეს დადებითი გამოცდილება გვეხმარება ამჟამინდელ ინკარნაციაში სელენას სფეროებში წინსვლა რომ შევძლოთ, ხოლო ხალხი ვინც ჩვენი სელენას ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, კეთილისმყოფლად გვევლინება ხშირად.

სელენას განლაგების შესახებ თითოეულ ზოდიაქოსა ნიშანსა და სახლში, ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ სტატიების ვრცელ ციკლს, ამჯერად კი მინდა მოკლედ მოგახსენოთ იმის შესახებ თუ რას გვიქადის თეთრი მთვარის ტრანზიტული კომბინაცია მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც უახლოესი ერთი წლის მანძილზე გასტანს.

სელენას განლაგება მორიელის ზოდიაქოში აძლიერებს ადამიანური ნაკლოვანებების, ფარული ზრახვებისა და ჩანაფიქრების ზედაპირზე ამოტივტივების და გაცხადების ტენდენციას. ხალხი ვისაც პირად რუკაში წყლის სტიქიის პლანეტების სიმრავლე აღენიშნება, სელენას ამგვარი ტრანზიტისას განსაკუთრებით მძაფრად დაიწყებს გარშემომყოფების ფარული აზრების აღქმა-გაშიფრვას. თუმცა სელენა მორიელში ბევრის ცხოვრებაში დააყენებს "განწმენდის გზაზე" დადგომის საკითხს. თუ ნებაყოფლობითად არა, იძულებით (გარემოებების მსვლელობის მეშვეობით) მაინც. ამიტომ ბევრი ადამიანისთვის მოიტანს სელენას ტრანზიტი მორიელში სულიერ ძვრებს, საკუთარ თავში ჩაღრმავების აუცილებლობას, თუნდაც ემოციური ტკივილის სახით. შესაბამისად, თუკი ტრანზიტული სელენა თქვენს პირად კოსმოგრამაში რომელიმე მთავარ პლანეტას "ჩაება" მის აქტივაციას გამოიწვევს სწორედ სულიერების კუთხით. ასე მაგალითად, ვენერას შემთხვევაში იგი მოიტანს ახალ ნაცნობობას, რომელიც თქვენში ფასეულობების გადაფასებას ან ემოციურ ძვრებს შეუწყობს ხელს. მერკურის შემთხვევაში აქამდე დაფარულ საიდუმლოებებს ახდით ფარდას, მარსის შემთხვევაში შესაძლოა მოგიხდეთ პრინციპული ნაბიჯების გადადგმა სამართლიანობის დასაცავად და ა.შ.
ზოგადად სელენას ტრანზიტი მორიელში იძლევა უნიკალურ შანსს განვითარდეთ სულიერად. ამაღლდეთ თქვენს ნაკლოვანებებზე და გადახვიდეთ პიროვნული განვითარების გაცილებით უფრო მაღალ ეტაპზე. ეს არის სულიერი გამოღვიძების ხანა. რომლის დროსაც ლილიტის კირჩხიბში განლაგების პარალელურად (შეგახსენებთ, რომ ლილიტი ამგვარი ტრანზიტით ოჯახურ ფასეულობებს "უტევს") სელენა საშუალებას მოგცემთ, კიდევ ერთხელ გადააფასოთ და, რაც მთავარია, დააფასოთ თქვენი დამოკიდებულება ოჯახის წევრების, ახლობლებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ.


სელენა თევზებში

სელენას ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ ინდივიდს გასული ინკარნაციიდან მოჰყვება განდეგილის, სალოსის, ინკოგნიტო ქველმოქმედის ან მოხალისე ექიმის ნათელი კარმა. შესაძლოა, თქვენ იყავით ადამიანი, რომელიც სიკვდილმისჯილებს, ტუსაღებს ან მძიმე ავადმყოფებს ეხმარებოდა სულიერად, იზიარებდა მათ ბედს და მაქსიმალურად ანუგეშებდა მათ. გამორიცხული არ არის ყოფილიყავით მედდა ან ექიმი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა უკურნებელი სენით დაავადებულთა მოსავლელად. ამიტომ ცხოვრების პირველ ეტაპზე ასეთი ადამიანი სელენასგან ჯილდოდ იღებს ჰარმონიულ გარემოს ოჯახის, მეგობრებისა და თანამოაზრეების კუთხით. მას ჰყავს მზრუნველი, თბილი და გულმოწყალე მშობლები, თანამგრძნობი და ერთგული მეგობრები. მისი მისამართით ხშირად გამოხატავს ადამიანურ სითბოს სრულიად უცხო ხალხი (ექიმები, ადვოკატები, პოლიციელები), თუკი მას რთული პერიოდი უდგას ცხოვრებაში. თუმცა თავად ამ ადამიანშიც დიდი დოზითაა სხვების მიმართ თანაგრძნობის და სულიერი განცდების გაგების უნარი. სელენას ამგვარი კომბინაციის მფლობელები არცთუ იშვიათად ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, დაჯილდოებულნი არიან ნათელმხილველური ნიჭით ან კარგად ითვისებენ ეზოთერულ სფეროებს. ამ ადამიანისგან შესაძლოა ძალიან კარგი ფსიქოლოგი ან მსახიობი დადგეს, იმიტომ რომ მას აქვს თანდაყოლილი ნიჭი "სხვის ტყავში ძვრომის". ისინი ფლობენ უნარს დაამშვიდონ აღელვებული ადამიანები, უმკურნალონ სულიერად დაავადებულებს. სელენა თევზებში მედიტაციის, რწმენის გაძლიერებისა და სულიერი განვითარების უმაღლეს გზაზე, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობებს, რომლის დახმარებითაც ადამიანს ეძლევა საშუალება ჩასწვდეს ბუნების ნებისმიერ საიდუმლოს, ამოხსნას ნებისმიერი სახის ამოცანა. თუკი ადამიანი სელენას ამგავრი კომბინაციით მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, იგი სრულყოფილებას აღწევს სულიერი განვითარების კუთხით და შეუძლია გარშემო მყოფებსაც მოუტანოს სიმშვიდე. ~
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა