მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე მერწყულში
მათთვის, ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზის (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს. ამიტომ, რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იმავე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.
თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ნიშნებში:
მთვარე მერწყულში
ადამიანი, რომელიც პირადი რუკის მიხედვით მთვარის მზგავსი განლაგებით იბადება პატარა ასაკიდანვე გამოირჩევა დამოუკიდებლობის და თავისუფლების უზომო სიყვარულით. მთვარე მერწყული ძალიან ცნობისმოყვარე და კონტაქტურია. თუმცა მას ახასიათებს გარკვეული სიცივე და დისტანციურობა, თუკი საქმე ემოციურ სიახლოვეს ეხება.
ასეთ ადამიანს გამუდმებით ესაჭიროება რაიმე მიზანი, იმიტომ რომ იგი მიდრეკილია დაძაბულობა შექმნას საკუთარ ცნობიერ-ქვეცნობიერს შორის. შესაბამისად, მიზნისკენ სწრაფვის პროცესი, გარკვეულწილად ათავისუფლებს მას შინაგანი კონფლიქტისგან. სხვა შემთხვევაში, მენტალური ან ფიზიკური უმოქმედობის დროს მთვარით მერწყული ნერვოზულ მდგომარეობაში ვარდება. ამ ადამიანს ძალიან გამჭრიახი გონება აქვს, სწრაფად და ლოგიკურად აზროვნებს, არის კრეატიული და გამომგონებლის თვალით უყურებს ყველაფერს. ამიტომ მისთვის დატვირთულ გრაფიკში მუშაობის დროსაც ადვილია სწრაფად ადაპტირება და მობილიზება კონკრეტულ დეტალზე. მთვარით მერწყულების უმეტესობა ცხოვრების უნივერსალური ხედვის უნარით არის დაჯილდოებული. ისინი ხშირად დროს უსწრებენ და იდეები, რომელთაც აჟღერებენ, ხშირ შემთხვევაში გარშემო მყოფებს უტოპიური ეჩვენებათ, მანამ სანამ წლების შემდეგ არ რწმუნდებიან საპირისპიროში.
ადამიანები მთვარის ამგვარი მდებარეობით, როგორც წესი, შესანიშნავი მეგობრები და სასიამოვნო თანამოსაუბრეები არიან. თუმცა მათ უმრავლესობას ახასიათებს გარკვეული ემოციური სიცივე, რის გამოც არცთუ იშვიათად მათ ზედაპირულობაში ადანაშაულებენ, გაცილებით უფრო სენსიტიური ადამიანები. თუმცა მანამ სანამ მთვარით მერწყულს გულგრილობის გამო უსაყვედურებთ, გაიხსენეთ ზოგადად მერწყულის, ურანიანელის ფსიქოლოგია – მას ხომ მთელი კაცობრიობა უყვარს, ამიტომ კონკრეტულ ინდივიდებზე ვერ გააკეთებს გამონაკლისს. მთვარის ამგვარი მდებარეობით დაბადებული ხალხი, გასაოცარი მიხვედრილობით გამოირჩევა, როცა საქმე ტექნიკასთან ურთიერთობას ეხება. ნებისმიერი მათგანი, ინტუიციის დონეზე ხვდება, ნებისმიერი სახის ტექნიკის უახლესი მიღწევის ფუნქციებს და სტრუქტურას. ამიტომ მას ადვილად შეუძლია აითვისოს თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტ სივრცეში დანერგილი ინოვაციები. შემთხვევითი როდია, ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი აიტი სპეციალისტი, პროგრამისტი ან ხაკერი ევლინება ქვეყანას ზუსტად მთვარის ამ მდებარეობით. მთვარე მერწყულის ზოდიაქოში მიუთითებს ასევე პოლიტიკის სფეროთი დაინტერესებას. თუმცა ამ მთვარის მფლობელს ასტროლოგია და ეზოთერიკაც არ სტოვებს გულგრილს. გარდა ამისა, მას აქვს თანდაყოლილი უნარი, სტიმული მისცეს და წააქეზოს სხვები რაიმე ახლის შექმნისკენ.
მთვარით მერწყული იშვიათად სცემს პატივს ტრადიციებს, უფრო მეტიც იგი მათით ნაკლებად ინტერესდება. სამაგიეროდ, პირველი აღიარებს ყველაფერს რაც ინოვაციური და ნოვატორულია. თუმცა დამოუკიდებლობის გადამეტებული სიყვარულის გამო, ბევრი მათგანი ხშირად მარტოობაში ცხოვრებასაც ამჯობინებს სიცოცხლის ბოლომდე, მეწყვილის გარეშე. ამ პრობლემის სათავე, თავისუფლების სიყვარულთან ერთად მთვარე მერწყულის მხრიდან სხვების ემოციის გაგების უუნარობაა. ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ გაიგონ და გაითავისონ სხვისი განცდები. მათ აკლიათ ის ინტიმურობა, რაც როგორც წესი კარგი ცოლ-ქმრული წყვილის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ქალის ჰოროსკოპში მთვარის ამგავრი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანი ხასიათის ექსცენტრულობით გამოირჩევა. მას უყვარს საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარება და ხშირად, რადიკალურად იცვლის ვიზუალურ იმიჯს. მთვარის მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში ამ ადამიანებში, ე.წ. "გუგულის ეფექტით" დაჯილდოებულ ქალბატონებსაც ხშირად ვხვდებით. მათთვის დედობის ინსტინქტი უცხოა, ამიტომ ცდილობენ საკუთარი შვილების აღზრდა სხვას გადააბარონ და ამაზე ნაკლებად სწყდებათ გული.
მამაკაცის რუკაში მთვარის ეს განლაგება მიანიშნებს იმას, რომ იგი თავისუფალი ურთიერთობების მომხრეა და ეძებს პარტნიორს, რომელიც მას არაფერში შეზღუდავს.
წყარო: astrologi.ambebi.ge