მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე თხის რქაში
მათთვის, ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზის (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს. ამიტომ, რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იმავე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.
თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ნიშნებში:
მთვარე თხის რქაში (დატყვევებული მთვარე)
ადამიანს, რომელსაც პირად კოსმოგრამაში მთვარის ამგვარი მდებარეობა გააჩნია გარკვეული სირთულე ახასიათებს ემოციების გამოხატვის კუთხით. მთვარე თხის რქის ზოდიაქოში სიმბოლურ ტყვეობაში იმყოფება, იმიტომ რომ თხის რქა, მთვარის ჭეშმარიტი "დიასახლისის" – კირჩხიბის ოპოზიციური ნიშანია. ამიტომ მთვარით თხის რქებისთვის რთულია საკუთარი გრძნობების სახალხოდ აფიშირება, თუმცა მათ მუდამ გააჩნიათ სურვილი სხვების თვალში ავტორიტეტი გააჩნდეთ და გარშემო მყოფებში კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ. ასეთი ადამიანი ძალზე ემოციურია შინაგანად, თუმცა იგი ყოველთვის კარგად ახერხებს საკუთარი ემოციების ფლობას.
ამასთან ერთად, საკმაოდ კრიტიკულად განიხილავს სხვების მხრიდან გამოვლენილ სისუსტეებს. თუმცა თუკი ასეთ ადამიანს ვინმე ახლობლად მიაჩნია, ძალა შესწევს მის მიმართ გაცილებით ლოიალური იყოს. ამას გარდა ყოველმხრივ შეეცდება დახმარება აღმოუჩინოს ამ უკანასკნელს, როგორც რჩევის ისე ფიზიკური აქტივობის კუთხით. მთვარით თხის რქა, წინდახედული და ფრთხილია. გულის სიღრმეში ცოტათი მორცხვი და შინაგანი კომპლექსებით სავსე, რომელთა გამომზეურებასაც იგი ყოველთვის ერიდება. არადა, რეალურად შესაძლოა ეს მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვითი ილუზია იყოს, სხვა არაფერი.
მთვარის ამ მდებარეობით დაბადებული ადამიანი, მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს მიაღწიოს იმაზე მეტს ვიდრე აქვს, ამით იგი საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასმას ცდილობს საკუთარი თავისთვის. ამ ადამიანების უმრავლესობა ძალიან ამბიციურია კარიერულ სარბიელზე. მას აქვს უნარი, ცივი გონებით და წინასწარ დაგეგმილი სქემით იმოქმედოს როცა საქმე პროფესიულ პატივმოყვარეობას ეხება. მთვარით თხის რქები აფასებენ მათ მიმართ გამოვლენილ სითბოს, თუმცა საპასუხო რეაქციის გამოხატვაში ხშირად მათ თანდაყოლილი სიცივე და შებოჭილობა უშლით ხელს. სამაგიეროდ, მთვარის ეს მდებარეობა ხშირად აყალიბებს საკუთარ საქმეზე, პროფესიაზე და იდეოლოგიაზე ფანატიკურად შეყვარებულ ადამიანებს (ნაპოლეონი, ჰიტლერი). თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სატურნის მძიმე ხუნდები ხშირად უბიძგებს ამ ხალხს მელანქოლიისა და დეპრესიის შემოტევებისკენ. რის გამოც ისინი ცინიკურები და ენამწარეები ხდებიან გარშემო მყოფთა მიმართ. თუმცა ბევრი მათგანი ამგვარი საქციელით ხშირად პოპულარობასაც იხვეჭს, შავი იუმორის და მახვილი ენის გამო.
მაგრამ მთვარის ამ მდებარეობაზე ერთმნიშვნელოვნად საუბარი, მაინც რთულია იმიტომ რომ სხვებზე მეტადაა დამოკიდებული ამ მთვარის მფლობელის ხასიათი, მის პირად კოსმოგრამაში დანარჩენი პლანეტების განლაგებაზე. თუკი საერთო სურათი დამაკმაყოფილებელია და უმაღლეს პლანეტებს შორის ნეგატიური ასპექტები ნაკლებად გვხვდება, ამ ადამიანისგან მოწესრიგებული და წარმატებული ინდივიდი ჩამოყალიბდება, რომელსაც საკუთარი თავის რწმენასთან ერთად სხვებზე პასუხისმგებლობის გრძნობაც მძაფრად ექნება განვითარებული.
ასეთ ადამიანს შესანიშნავად ეხერხება მართვის სადავეების ფლობა, ამიტომ მაღალ თანამდებობას იოლად ართმევს თავს. თუ მთვარე პირად კოსმოგრამაში დაზიანებულია, ამ შემთხვევაში ადამიანს ამბიციები დიდი გააჩნია, მაგრამ არაფერს აკეთებს მათი რეალიზაციისთვის, რასაც შემდგომში იგი ალკოჰოლიზმისკენ ან ნარკომანიისკენ მიჰყავს. მთვარით თხის რქები ხასიათის სიხისტის გამო, ადვილად იჩენენ მტრებს. რასაც შესაძლოა მათი რეპუტაციის გაფუჭება მოჰყვეს. მთვარის ამგვარი მდებარეობა ასევე მიუთითებს იმას, რომ ინდივიდის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს მშობლებმა, ან კონკრეტულად რომელიმე მშობელმა. როგორც წესი, ასეთი ადამიანი დიდ ასაკშიც აფასებს მის ოჯახში მიღებულ ტრადიციებსა და რიტუალებს. ცდილობს ყოველთვის ყურადღებით მოეკიდოს ხანშიშესულ ნათესავებს.
მთვარით თხის რქა ძალიან ფრთხილი და პრაქტიკულია ფინანსებთან მიმართებაში. თუმცა მოსალოდნელი სიღარიბის შიში ზოგიერთ მათგანში იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა სიფრთხილე სიძუნწეში გადაეზარდოთ. მთვარით თხის რქას უნდა ახსოვდეს რომ იმ შემთხვევაში თუ ის პრეტენზიების და მკაცრი მოთხოვნების ნაცვლად, გარშემო მყოფებს სითბოს, სიყვარულსა და ყურადღებას ყოველგვარი ანგარების გარეშე გაუზიარებს, იგი გაცილებით მეტს მიიღებს ადამიანებისგან ვიდრე თავად მოელის.
მთვარის ამგვარი მდებარეობა ქალის ჰოროსკოპში მიანიშნებს იმას, რომ მას იგი პერიოდულად, მიდრეკილია მელანქოლური ფიქრებისკენ – მაგ. "არავის ვუყვარვარ ამ ქვეყნად" და ა.შ.
მამაკაცის რუკაში კი მთვარე მსგავსი კომბინაციით ამ უკანასკნელის ამბიციური, ეპატაჟური და ძლიერი ქალებით დაინტერესების სიგნიფიკატორია. მეუღლედ მას ისეთი ქალბატონი ესაჭიროება, რომელიც კარიერას, სახლის საქმეებსა და ბავშვების მოვლა პატრონობას ერთნაირი წარმატებით გაართმევს თავს.
წყარო: astrologi.ambebi.ge