სახლების სისტემა - მეორე სახლი
ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ვიწყებთ სტატიების ციკლს ზოდიაქოს სახლების შესახებ. ასტროლოგიურად არსებობს თორმეტი სახლი , რომელიც სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.
ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს.
მეორე სახლი
ფიქსირებული, მიწის სტიქიის, ქალური ენერგეტიკის მქონე სახლი.
სიგნიფიკატორი: კურო
ფერი – მწვანე
სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება – ყელი და ყელის მიმდებარე ტერიტორია მხრებამდე
მეორე სახლი მატერიალურ სახსრებსა და ზოგადად ფულად რესურსებზე აგებს პასუხს. ამ სახლის სფეროში ხვდება ნებისმიერი სახის შემოსავალ-გასავალი, ვალები და კრედიტები, ფინანსური მოგება, წილი ბიზნესში, კაპიტალის ბრუნვა, საბანკო სექტორის მუშაობა და ა.შ. მეორე სახლი – მისი კომბინაცია და ასპექტები განაპირობებს ინდივიდის დაბადების რუკაში იმას, თუ რა სახით, როგორ გარემოში და რამდენად წარმატებულად შესწევს მას უნარი გამოიმუშაოს ფული. რა დანაკარგები ან მოგების ალბათობა ელის მას ცხოვრების მანძილზე ამ კუთხით. გარდა ამისა, მეორე სახლი "კურირებს" ნებისმიერი სახის უძრავ ქონებას: ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი და ა.შ.
როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, მეორე სახლი, რომელიც არანაირი კუთხით არ ასპექტირებს ასცენდენტის ნიშანს, ითვლება პასიურ სახლად. მას სხვანაირად "ჯოჯოხეთის კარიბჭეც" ქვია და სრულად ამართლებს გამოთქმას "ფული, სათავეა ყოველგვარი მანკიერების".
მეორე სახლის სფეროს განეკუთვნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ანტიკვარიატი, ანაბრები ბანკში, საკუთრების უფლება იურიდიული კუთხით, საავტორო უფლებები, ჰონორარები. იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით დაძაბული ასპექტაციისას, იგი ტრანზიტულ ასტროლოგიაში გვაძლევს მინიშნებას პარტნიორის (მეუღლის) გარდაცვალებაზე, გამომდინარე იქედან, რომ მეორე სახლი, რიგით მერვე სახლია მეშვიდე სახლიდან (ქორწინება-პარტნიორობა).
ხორარულ ასტროლოგიაში მეორე სახლის მიხედვით ხდება დაკარგული ან მოპარული ნივთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება. საამისოდ აუცილებელია მეორე სახლის მმართველის ასპექტები გადამოწმდეს. გამომდინარე იქედან, რომ მეორე სახლი მეთერთმეტე სახლის შემდეგ, რიგით მეოთხე სახლს წარმოადგენს მისი ასპექტების მიხედვით იკვლევენ ასევე ნებისმიერი საქმის დასრულების ალბათობას რაც მეგობრული კავშირების, ჯგუფების ან გაერთიანებების საფუძველზეა დაწყებული. მაგალითად საერთო ბიზნესი მეგობრებთან ერთად.
მეორე სახლი ეს არის ჩვენი რესურსი გამოვიმუშაოთ ფული, ხოლო როგორ და რა გზით ვახერხებთ ამას უკვე მეექვსე სახლის ასპექტები განაპირობებს.
ნეპტუნი მეორე სახლში – მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს ცხოვების მანძილზე ხშირად ელის საფრთხე ფინანსური მაქინაციების კუთხით. ასეთ ადამიანს ცუდად ესმის ზოგადად ფინანსური საკითხების განკარგვის თემა.
ურანი მეორე სახლში – მიანიშნებს ფინანსური სფეროს არასტაბილურობაზე. იმ შემთხვევაში თუ ურანი არ არის დაზიანებული, ასეთ ადამიანს ხშირად უმართლებს აზარტულ თამაშებსა და სარისკო ფინანსურ გარიგებებში. იმიტომ რომ თავად ურანი მიჩნეულია მერვე სახლის მმართველის ეგზალტაციის ზონად
სატურნი მეორე სახლში – მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანს ფულადი სახსრების გამომუშავება მხოლოდ და მხოლოდ მუყაითი შრომის ნიადაგზე გამოუვა. მას ეკრძალება ნებისმიერი სახის მაქინაცია რაც ფინანსურ საკითხებს ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში სიღარიბე და მუდმივი გაჭირვება ელოდება წინ ეკონომიური თვალსაზრისით. სამაგიეროდ, სატურნის ამგვარი კომბინაცია ხშირად მიანიშნებს მაღალ თანამდებობრივ პოსტს (შესაბამისად ანაზღაურებას) სახელმწიფო სტრუქტურაში.
იუპიტერი მეორე სახლში – თუკი იგი დაუზიანებელია, მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი განებივრებულია როგორც ფინანსურ, ისე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში. მას კარგი ალღო გააჩნია ფულის შოვნის, ასევე ხშირად უმართლებს ამ კუთხით და მის მიერ წამოწყებული საქმეები მეტწილად, სოლიდური მოგების მომტანი ხდება.
მზე და მთვარე მეორე სახლში – მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად ძალიან არის დამოკიდებული ფინანსურ მდგომარეობაზე. ამიტომ შემოსავლის შემცირების შემთხვევაში იგი პირქუში და უხასიათო ხდება.
დაბოლოს პლუტონი მეორე სახლში – მიანიშნებს წარმატებაზე სოციალური კუთხით, ასეთი ადამიანი ხშირად ხდება წარმატებული მეწარმე, ბანკირი და ა.შ.
წყარო: astrologi.ambebi.ge