სახლების სისტემა - მესამე სახლი
ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ვიწყებთ სტატიების ციკლს ზოდიაქოს სახლების შესახებ. ასტროლოგიურად არსებობს თორმეტი სახლი , რომელიც სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.
ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს.
მესამე სახლი
მუტაბელური, ჰაერის სტიქიის, მამაკაცური ენერგეტიკის სახლი.
სიგნიფიკატორი – ტყუპი
ფერი – წითელი, ყვითელი, აგურისფერი
ამ სახლში პლანეტებიდან ყველაზე კარგად თავს გრძნობს მთვარე
სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება: ხელ-ფეხი, უშუალოდ ხელის მტევნები და ფეხის ტერფები, თითები.
მესამე სახლის სფეროში ხვდება: ჩვენი უახლოესი გარემოცვა – დედმამიშვილები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, მეზობლები, უშუალო თანამშრომლები, ახლო ნათესავები ზოგადად. მესამე სახლის სფეროა ასევე გადაადგილება (მანქანით, მატარებლით), კონტაქტები, მოკლე დისტანციაზე განხორციელებული ვიზიტები, წერილობითი ურთიერთობა, ჭორები, შეტყობინებები, სიახლეები, ზოგადად ყოველგვარი სახის ინფორმატორები, მათ შორის ჟურნალისტები.
მიჩნეულია, რომ მესამე სახლი ძირითადად განაპირობებს ადამიანის უახლოესი გარემოცვის თემას, დედმამიშვილებთან ურთიერთობებს, ზოგადად მათ დამოკიდებულებას ინდივიდის მიმართ. თუკი მესამე სახლში მარსი, სატურნი ან აღმავალი კვანძია განლაგებული ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს გარკვეული პრობლემები ექნება უახლოეს ნათესავებთან მიმართებაში ან ისინი იქნებიან მისთვის ცხოვრებაში გარკვეული სირთულის მომტანნი.
მესამე სახლი "კურირებს" ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვება-გავრცელების სფეროს. გადაზიდვების, ტრანსპორტირების თემას. მის არეალში ხვდება მოძრავი ქონება მათ შორის მანქანა-დანადგარები, ავტომობილები და ა.შ.
მესამე სახლს შეესაბამება ასევე ტექნიკური საკომუნიკაციო საშუალებები – მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ა.შ. ასევე საგამომცემლო სფერო, ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ზოგადად ბეჭდური მედია. ზოგჯერ იგი განასახიერებს ტრანზიტულ ასტროლოგიაში საოჯახო ინვენტარის თემას (მიქსერს, ტოსტერს, სარეცხ მანქანას და ა.შ.) და მასთან დაკავშირებულ დეტალებს. მაგ. მესამე სახლი-მარსის კვადრატი შეიძლება აიხსნას როგორც რაიმე სახის საოჯახო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტი მექნიკური დაზიანების (მარსი) გამო.
მესამე სახლი შეესაბამება ასევე სწავლების თემას. თუმცაღა მის სფეროში მოიაზრებიან ძირითადად სკოლის, უფრო ხშირად კი დაწყებითი კლასის პედაგოგები. ზოგადად იგია სიგნიფიკატორი ნებისმიერი სახის დაწყებითი განათლების, მათ შორის შედის სკოლამდელი აღზრდა და ბაღი.
ზოგადად მესამე სახლი, მერკური და ტყუპის ზოდიაქო მართავს ყოველგვარი სახის დოკუმენტაციებს, საქმიან მიმოწერას და ა.შ.
გამომდინარე იქედან, რომ მესამე სახლი მეხუთე სახლიდან, რიგით მეთერთმეტე სახლს წარმოაგდენს, ხშირად მისი მეშვეობით ხდება მეგობრების შვილებზე მსჯელობა. მათ შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მოძიება, თუკი ამ ადამიანების ბედი რაღაც კუთხით ჩვენც გვეხება.
ძალზე ხშირად ამა თუ იმ ადამიანის კოსმოგრამაში დატვირთული მესამე სახლი, თუ იგი ნეგატიური ასპექტების სიმრავლით გამოირჩევა "დამსჯელ" პლანეტებთან (მარსი, პლუტონი, სატურნი, ურანი) მიანიშნებს იმას, რომ ინდივიდს ავტოკატასტროფაში მოხვედრის საფრთხე ელის ცხოვრებაში, უფრო ზუსტად თავად იქნება ამ მოვლენის მიზეზი, იმიტომ რომ მესამე სახლი ზოგადად ავტომანქანის ტარებასთან ასოცირდება და არა მგზავრობასთან.
მესამე სახლი მეთორმეტე სახლიდან მეოთხე სახლს წარმოადგენს, ამიტომ მას განიხილავენ როგორც "დამასრულებელ" წერტილს იმ საქმეებისა, რაც მეთორმეტე სახლის გავლენით ხდება. მათ შორისაა მძევლების გათავისუფლების საკითხი, ჰოსპიტალიზაციის შემდგომი ბედი და ა.შ.
წყარო: astrologi.ambebi.ge