ნაპოლეონი კონიაკიანი კრემით
მომზადების წესები
გახეხილი, ცივი მარგარინი და 200 გ ფქვილი ავუროთ, მივცეთ გუნდის ფორმა.
წყალში გავხსნათ ლიმონმჟავა, დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ზეთი და ავთქვიფოთ. მასა დავასხათ დანარჩენ ფქვილში და მოვზილოთ საშუალო სიმკვრივის ცომი, დავაფაროთ ტილო და 15 წუთით დავდგათ.
ცომის გუნდა ჯვარედინად გავსეროთ, კონვერტის ფორმით გავაბრტყელოთ – კიდეები მეტად, გული ნაკლებად. გულში ჩავუდოთ მარგარინი, გადმოშლილი გვერდები გადავკეც-გადმოვკეცოთ, ოდნავ გავაბრტყელოთ, მართკუთხედის ფორმა რომ მიიღოს და სამად გადავკეცოთ.
ცელოფანში ჩადებული ცომი მაცივარში 10 წუთით გავაჩეროთ, შემდეგე ასევე გავაბრტყელოთ და 15 წუთით კვლავ მოვათავსოთ მაცივარში. კიდევ ორჯერ გავიმეოროთ ეს პროცედურა.
ბოლო დამუშავებისას ცომი რულეტივით გადავახვიოთ და მაცივარში სველ ტილოში გახვეული მინიმუმ 3 საათით მოვათავსოთ.
ცომი დავჭრათ სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად და 220 გრადუსზე გამოვაცხოთ. როცა კარგად ამოვა და გაოქროსფრდება, 180 გრადუსზე დავუწიოთ ტემპერატურა და გამოვაშროთ.
კრემის ინგრედიენტები (კარაქის გარდა) კარგად ავურიოთ და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. მუდმივი მორევით მოვხარშოთ კრემი, როცა წამოდუღდება და შესქელდება, გადმოვდგათ და გავაცივოთ. კარაქი გავთქვიფოთ, შევათქვიფოთ ცივი კრემი და ვანილი.
ნაპოლეონის ნაჭრები 2-3 ნაწილად გავჭრათ და წავუსვათ კრემი. შეგვიძლია, რამდენიმე ნაჭერი დავფხვნათ და კრემწასმულ ნამცხვარს ზემოდან მოვაყაროთ.
რეცეპტი ჟურნალ "გემრიელია"-ს ივლისის ნომრიდან.