ხათუნა ნოელი: რომელ ზოდიაქოს ნიშანზე მოახდენს იანვრის ყველაზე ცუდი კვირა მნიშვნელოვან გავლენას?
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ წერს და საკუთარ რეკომენდაციებს გვთავაზობს:
"ამ კვირის ყველაზე მთავარი მოვლენა, რასაკვირველია, ჩვენი დღის მნათობის - მზის მომდევნო ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაა. 20 იანვარს დღის 13:00-ზე მზე დატოვებს თხის რქის ნიშანს და მერწყულის ზოდიაქოში გადაბრძანდება. გილოცავთ, მერწყულებო, მომავალ დაბადების დღეებს და წარმატებულ სოლარულ წელიწადს გისურვებთ.
მერწყულებისთვისაც და არამხოლოდ მათთვის, 20 იანვრიდან მოყოლებული 1 თვე სამყარო ცვლილებებით, სიახლეებითა და ასევე მოულოდნელობებით აღსავსე იქნება. ეს პერიოდი საზოგადოებაში თანამოზრეების მოძიების, ახალი მეგობრების შეძენის, ძველებთან კი უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების დროა. ამ დროს კოსმოსი იძლევა ახალ შესაძლებლობებს, ვიყოთ ჩართული საერთო შორსმიმავალ პროექტებში, ვიპოვოთ მიზანი, მოვიპოვოთ სულიერი თავისუფლება.
დავუბრუნდები ამ კვირის ასპექტებს და გეტყვით, რომ კვირის პირველი ნახევარი რომანტიული ნოტების აკომპანემენტით წარიმართება, რასაც მერკურის სექსტილი ნეპტუნთან განაპირობებს. განსაკუთრებით ეს თევზებსა და მერწყულებს ეხებათ. ის ასევე შემოქმედებით ბიძგებს მისცემს იმ ადამიანებს, ვინც ხელოვნებასთან კავშირში არიან. ეს ფრიად კარგი დროა, მათთვისაც, ვინც ეზოტერიკას სწავლობს, - რადგან სწორედ ახლა ჩაერთვებათ დაფარულში ჩაწვდომის უნარი.
ასევე შესაძლოა ამ დღეებში სულიერი მოსწავლე გამოგიჩნდეთ, ან პირიქით - თქვენ გაიცნოთ ისეთი ადამიანი, რომელთან სიახლოვეც აგამაღლებთ თქვენს სულიერებაში. მეორე მხრივ, ცოტა არ იყოს, გაფანტულობა და დაბნეულობაც შეუძლია შემოიტანოს ჩვენში. ასეთ დროს გვავიწყდება ხოლმე სად რა დავდეთ, კალამი, გასაღები, საბუთები. შესაძლოა გზებზე მცირე ორიენტაციის დაკარგვაც და ერთი შესახვევის მაგივრად მეორეში გადახვევა. თუმცა ყველაფერი მალევე დგება ხოლმე თავის კალაპოტში - გზასაც ვპოულობთ და ნივთებსაც მალევე აღმოვაჩენთ ხოლმე.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერკურისა და ნეპტუნის ასპექტის "წყალობით", შესაძლოა ჩვენი სიტყვები ვინმესთვის ცოტა ბუნდოვნად, გაურკვევლად ან ორაზროვნად ჟღერდეს. განსაკუთრებით საგრძნობი ეს პიკის დროს - 14 რიცხვში იქნება.
რაც შეეხება მერკურისა და პლუტონის შეერთებას, რომელიც პიკს კვირის მეორე ნახევარში 17-18 რიცხვებში მიაღწევს, ამ ასპექტის გავლენით შესაძლოა მოგიწიოთ კამათი, აღგზნებული საუბრისას კი ემოციებმა გონება დაბლოკოს. ასეთი ეცადეთ, არ მისცეთ ამ შეხლა-შემოხლას ფიზიკური ხასიათი, ვინაიდან ამ დღეს ტრავმების მიღების ალბათობა იზრდება, განსაკუთრებით შესაძლოა კიდურების, უფრო კი ხელის დაზიანება. იზრდება ასევე კრიმინალთან შეხების გაზრდილი ალბათობაც. უნდა აუცილებლად ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი, კატეგორულად აუცილებელი გადაუდებელი შემთხვევების გარდა, არასასურველს ხდის ქირურგიულ ჩარევებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge