დგახართ თუ არა სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე მაღლა, გემოვნებითა და დახვეწილობით?
ცნობილი ფრაზა - "გემოვნებაზე არ დავობენ" სამწუხაროდ, რეალობაში ნაკლებად ამართლებს. მეტიც, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ადამიანები ძირითადად სწორედაც რომ გემოვენებაზე დავობენ ყველაზე მეტს. ალბათ არავის მიაჩნია თავი უგემოვნოდ და სტილის არმქონე პიროვნებად. თუმცა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ დახვეწილი გემოვნების ქონასაც ზოდიაქოს ნიშანი და მისი მმართველი პლანეტა განაპირობებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ იმსახურებს ზოგიერთი საზოგადოების აღტაცებას საკუთარი ჩაცმის სტილითა და იმიჯით მაშინ, როცა სხვა საყოველთაო განსჯის საგანი ხდება ამ ზუსტად ამ კონტექსტში.
მიჩნეულია, რომ სილამაზის განსაკუთრებული აღქმით, ე.წ. "ვენერით მართული" ნიშნები გამოირჩევიან. კერძოდ ეს არის კურო და სასწორი. თუმცა, კუროს შემთხვევაში რაკიღა მიწის სტიქიასთან გვაქვს საქმე, მისი გემოვნება უფრო კომფორტის შექმნის მიდრეკილებაში ვლინდება (ინტერიერის დიზაინი, ფლორისტიკა, კულინარია) ვიდრე ჩაცმა-დახურვის საკითხში. თუმცა ვენერა მათთან რომანტიკულობას პირად ურთიერთობებში აძლიერებს, ამიტომ კურომ გასაოცარი ერთგულება და სენტიმენტალური სიყვარული იცის სწორედ ამ პლანეტის დამსახურებით.
რაც შეეხება სასწორს, იგი ვენერას ჭეშმარიტად "ჰაი-კლასის" წარმომადგენელია. ამიტომ ტიპურ სასწორს ვერასოდეს ნახავთ მოუწესრიგებელს, თმადაუვარცხნელს ან შეუსაბამო ფერის სამოსით. სასწორები დიდ ყურადღებას აცევენ აქსესუარებს, იცვამენ უზადო გემოვნებითა და ყოველთვის ზუსტად იციან, რომელი აქსესუარი რომელი ტიპის სამოსს შეუსაბამონ. გარდა ამისა, ვენერას გავლენა სასწორის ვიზუალზეც არანაკლებ აისახება. რის ხარჯზეც ამ ადამიანებს ულამაზესი ღიმილი და დახვეწილი მანერები გააჩნიათ. რაც კიდევ ერთ ქულას უწერს მათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის საკითხში. თუკი თქვენ სადმე უხეში, ხისტი და გაუცინარი სასწორი შეგხვედრიათ, ე.ი. მას პირად რუკაზე მორიელის ან ვერძის ძლიერი გავლენა აქვს გამოხატული. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აქვე აღვნიშნოთ, რომ სწორედ ზემოხსენებული ორი ნიშნის გავლენა ანიჭებს ბევრ სასწორს ე.წ. "ბრუტალურ სექსუალურობას" ასე რომ ყველა მედალს ორი მხარე აქვს, ჩემო კარგებო.
რაკიღა საუბარი მორიელებსა და ვერძებზე ჩამოვარდა, მოდით, ამ ორი ნიშნის გემოვნებაზეც ვისაუბროთ მით უმეტეს, რომ ვერძს და მორიელს საერთო პლანეტა თანამმართველი გააჩნია - აგრესიული, ცეცხლოვანი მარსი. სწორედ მარსის გავლენით არიან ეს ადამიანები უზომოდ სექსუალურები და მიმზიდველები საპირისპირო სქესის თვალში. რაც შეეხება გემოვნებასა და სტილის შეგრძნებას, ვერ ვიტყვით, რომ ისინი იდეალურად ახერხებენ უზადოდ შეიმოსონ. თუმცა, ორივე მათგანს გააჩნია ჩაცმულობაში გარკვეული ქარიზმა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მათთვის საყვარელი დახეული ჯინსები, უხეში ბათინკები და მკვეთრად მუქი მაკიაჟი, საკმაოდ თვალშისაცემად და საინტერესოდაც კი გამოიყურება. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სექსუალურობას ჰმატებს როგორც ვერძის, ისე მორიელის იმიჯს და ესეც საქმეა.
ნატიფი გემოვნებითა და სისადავით გამოირჩევიან ქალწულები, კირჩხიბები, თხის რქები და თევზები. ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს ზოგადად სძულს ყოველგვარი ზედმეტობა, ამიტომ მისი სტილი მინიმალისტურია ყოველთვის. სამაგიეროდ, ყველა ვისაც უზადოდ დაუთოებული შარვალ-კოსტიუმი აცვია, ჰალსტუხი წესების სრული დაცვით აქვს შეკრული და თმაც განსაკუთრებით აქვს დავარცხნილი ღერების სიზუსტით, აუცილებლად ქალწულია. ამ ადამიანებს ყოველთვის სისუფთავის "სუნი ასდით" და მუდმივად უზადოდ გამოიყურებიან. თხის რქა ტრადიციების მომხრეა. მოსწონს მკაცრი სტილი. რაც შეეხებათ თევზებსა და კირჩხიბებს,
ორივე მათგანი სტიქიიდან გამომდინარე არაოფიციალურ, თუმცა საკმაოდ დახვეწილ იმიჯს ირჩევს ხოლმე. ამ ადამიანებს არ უყვართ ე.წ. "კორპორატიული დრეს-კოდი" და ცდილობენ სამსახურშიც მაქსიმალურად კომფორტულად იყონ შემოსილნი.
ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ჩაცმა-დახურვის საკითხს მშვილდოსნები და ტყუპი. თუმცა ამ ორს შორის განსხვავება ის გახლავთ, რომ ტყუპს როგორც წესი მით უმეტეს თუკი იგი ქალია, თანდაყოლილი შარმი შველის იმიჯის წარმოჩენის საკითხში. შესაბამისად, ქალი ტყუპისთვის მარტივია თუნდაც ჩითის კაბაშიც ქალურად და მაცდუნებლად გამოიყურებოდეს. მაშინ, როცა ქალი მშვილდოსნების გარკვეული კატეგორია საკმაოდ ინდეფერენტულად ეკიდება მოდას. ამ ადამიანებისთვის წინა პლანზე ჩაცმის კუთხით სამოსის კომფორტულობაა. ამის გამო, როგორც ქალ ისე მამაკაც მშვილდოსნებს ხშირად შეხვდებით კედებითა და სპორტულებით ერთობ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზეც კი. რაც, რაღა თქმა უნდა, არ მოქმედებს კარგად მათ იმიჯზე.
დაბოლოს, გამოკვეთილი ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან სამოსის შერჩევისას, ლომები და მერწყულები. თუმცა როგორც ასტროლოგები თვლიან, ამ ადამიანებს ხშირად გარკვეული "ზედმეტობაც" ახასიათებთ ამ კუთხით. რაც იმაში ვლინდება, რომ ლომებს ოქროს და ზოგადად მკვეთრი აქსესუარების სიყვარული ხშირად ამსგავსებს სადღესასწაულო ნაძვის ხეს, ხოლო მერწყულის სურვილი მაქსიმალურად მოახდინოს თვითგამოხატვა სამოსითა და ვიზუალური იმიჯით, ზოგჯერ საზოგადოებაში მისი პერსონის ექსცენტრიკად შერაცხვის პრეცენდეტებს იწვევს - ეს გასაკვირი არ გახლავთ, მოლისფერი თმა, კლასიკურ პიჯაკზე მაქმანებიანი კაბა და ტატუ სხეულის ყველაზე უცნაურ ადგილას, ხშირად ხდება საზოგადოებაში მითქმა-მოთქმის საგანი.
წყარო: astrologi.ambebi.ge