9 მარტს სავსე მთვარეა. რას უნდა ველოდოთ
????თავისი ასპექტებიდან გამომდინარე ეს სავსე მთვარე საკმაოდ კარგ შანსებს გვპირდება მისი ენერგიის სწორად გამოყენების შემთხვევაში. ეს სავსე მთვარე გაზაფხულის პირველი სუპერ მთვარეცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დიდი და კაშკაშაც იქნება.
????სავსე მთვარე ყოველთვის მზისა და მთვარის ოპოზიციურ ენერგიებს უკავშირდება. ასეთ დროს ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, მეტ ენერგიას ვგრძნობთ, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ დონეზე და მძაფრია ჩვენი ემოციური რეაქციებიც. მართალია, მომატებული ენერგია და აგრესია უშუალოდ სავსე მთვარის, წინა და მომდევნო დღეებშია შესამჩნევი, მაგრამ მისი თვისობრივი გავლენა ახალ მთვარემდე ანუ დაახლოებით 2 კვირის მანძილზეა აქტუალური. როგორც წესი, სავსე მთვარე ოპოზიციური ენერგიებს შორის ბალანსისკენ მოგვიწოდებს.
????ამჯერად, მთვარე ქალწულში ♍, მზე კი თევზებშია ♓ (19°37)
აქტიურია ორი განსხვავებული ენერგია: თევზები - ძალიან ღრმა, რომანტიული, ვნებიანი ბუნებით და ქალწული, მიწის ქალღმერთი, რომელსაც ბრწყინვალედ ესმის გეგმებისა და დეტალების მნიშვნელოვნება ცხოვრებაში. ერთი შეხედვით, ამ ორს თითქოს საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავწვდებით, ვნახავთ, როგორ შეიძლება მათ გააძლიერონ და შეავსონ კიდევაც ერთმანეთი მრავალი კუთხით. ქალწულს შეუძლია, დაეხმაროს თევზებს გეგმების შემუშავებასა და გადაწყვეტილების მიღებაში თუ რომელი გზით განაგრძოს ცურვა. თევზები კი ქალწულს ახსენებენ, რომ გეგმები შესანიშნავია, მაგრამ ყოველთვის არ შეგვიძლია ასე ცხოვრება. თევზები ქალწულს ასწავლის, როგორ მივყვეთ საჭირო დროს დინებას, გავაღოთ გულის კარი, მივიღოთ და შევიყვაროთ უპირობოდ.
✨ამასთან ერთად, ქალწულს ახასიათებს იარლიყების მინიჭება და მკაფიო საზღვრების დაწესება. ვარქმევთ ყველაფერს თავის სახელს და ჩვენვე ვამბობთ ვინმესა თუ რამეზე უარს, რის გამოც თვითონვე ვიწვევთ ხანდახან ტკივილსა და არეულობას ცხოვრებაში. ქალწულის თვისებები მეტ-ნაკლებად თითოეულ ჩვენგანში ვლინდება (ვართ თუ არა ქალწული ზოდიაქოს ნიშანით, არ აქვს მნიშვნელობა). თუ თევზებისთვის მიმღებლობაა დამხასიათებელი (ისეთად, როგორიც არის ვინმე ან რამე), ქალწული ახარისხებს, ეძებს და ცდილობს, მიაღწიოს იდეალურს. ის აკრიტიკებს ოჯახის წევრებს, პარტნიორს, თანამშრომლებს და რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც. მიზანი არის გაუმჯობესება, სტანდარტების გაზრდა და იდეალურთან რაც შეიძლება, ახლოს მისვლა. ისევე, როგორც სხვა დანარჩენში, აქაც ბალანსის დაცვაა საჭირო.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვჭირდება ორივე მათგანისგან ცოტ-ცოტა: ქალწულის პრაქტიკულობა და გეგმიურობა და თევზების მიმღებლობა და მინდობა. ჩვენ ვერც მხოლოდ გეგმებით მივაღწევთ ბედნიერებას და ვერც დინების მიყოლით. მთავარია, ვისწავლოთ და ვიცოდეთ, რომელი როდის და როგორ გამოვიყენოთ.
???? თევზებში♓ მზესთან ძალიან მჭიდრო შეერთებაში იმყოფება ამავე ნიშნის მმართველი ნეპტუნი(♆), რაც უფრო მეტად მკაფიოს ხდის ქალწული-თევზების ოპოზიციასაც და ნეპტუნის თვისებებსაც. მზისა და ნეპტუნის შეერთებამ შესაძლოა, უფრო მეტად გაზარდოს პანიკა და შიში ბოლო დროს გავრცელებული ახალი კორონა ვირუსის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია არა ნეპტუნის, არამედ ქალწულის თვისებებით ვიმოქმედოთ (წესრიგი, უსაფრთხოების ნორმები, დეტალების მიმართ ყურადღების გამოჩენა და რეალობის აღქმა).
????სავსე მთვარე ქალწულში საკუთარი სხეულის სიჯანსაღის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეგვახსენებს. კარგი იქნება თუ მოვიშორებთ ყველა იმ მავნე ჩვევას, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ზიანს აყენებს, მივაქცევთ მეტ ყურადღებას საკვების ხარისხსა და კვების მანერას და დავიწყებთ ან დავუბრუნდებით ვარჯიშს. სწორედ ქალწულია ის ნიშანი, რომელიც გვასწავლის, როგორ დავიცვათ თავი დაავადებებისგან და როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ამავე დღეს იწყება მთვარის კლებადი ფაზა, რის გამოც იდეალურია დიეტის დაწყება წონაში დაკლების მიზნით.
☿️ ქალწულის მმართველი პლანეტა მერკური სავსე მთვარის დროს ჯერ ისევ რეტროგრადულია მერწყულში, თუმცა 10 მარტიდან გაასწორებს მოძრაობას და 16 მარტამდე ამ ნიშანში დარჩება. მერკურის ეს მდებარეობა საშუალებას მოგვცემს, სწორედ მერწყულისეული კრეატიულობითა და ორიგინალურობით გადავჭრათ საკითხები, შემოვიტანოთ მეტი თავისუფლება აზროვნებაში და ვიყოთ უფრო მეგობრულები ურთიერთობებში. 10 მარტიდან ისევ თამამად შეგვიძლია, გავაფორმოთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, დავიწყოთ ახალი საქმე, შევიძინოთ ტექნიკა და უძრავ-მოძრავი ქონება, დავამყაროთ ახალი კონტაქტები და განვახორციელოთ ახალი პროექტებიც.
➡სავსე მთვარისა და მზის ასპექტებიდან მნიშვნელოვანია ჰარმონიული კავშირი მარსთან, იუპიტერთან, პლუტონთან და სატურნთან თხის რქაში. ეს ასპექტები ხელს შეგვიწყობს, იდეალურად შევუხამოთ ერთმანეთს წყლის სტიქიისთვის დამახასიათებელი ინტუიცია და მოქნილობა პრაქტიკულობასა და გეგმიურობას. იუპიტერთან დადებითი ასპექტი თითოეულ ჩვენგანში გაზრდის ნდობას, რწმენასა და ოპტიმიზმს, მარსი - მეტ გამბედაობასა და ბრძოლისუნარიანობას, პლუტონი - ყველაფრის სიღრმისეულად დანახვისა და აღქმის უნარს, ხოლო სატურნი საშუალებას მოგვცემს, სერიოზულად და სრული პასუხიმგებლობით მოვეკიდოთ ყველაფერს. საერთო ჯამში, ეს არის საკუთარ შიშებზე გამარჯვების, სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობიერების პერიოდი, რომელიც იდეალურია როგორც მორალური და ეთიკური, ისე სულიერი და მენტალური სტანდარტების ზრდისთვის.
♀გვერდს ვერ ავუვლით ვენერასა და ურანის შეერთებას კუროში, რომელიც რადიკალურად ზრდის ფიზიკურ დონეზე ახალი შეგრძნებების სურვილს. ეს ასპექტი ხშირად ისეთ სურვილებს გვიჩენს, რაც ჩვენ თვითონვე გვაოცებს. ეს სურვილი როგორც წესი, არის ახალი, უცნაური, ჯერ გამოუცდელი, განსხვავებული და ამავე დროს მიმზიდველი. ამ შეერთების დროს დაწყებული ურთიერთობები ნაპერწკალივითაა, მომნუსხველია, გვატყვევებს და სუნთქვას გვიკრავს, მაგრამ იმისი ალბათობა, რომ ის დიდხანს გაგრძელდეს, ძალიან პატარაა. ეს პერიოდი უფრო ექსპერიმენტებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ, გავსინჯოთ რაღაც ახალი და მივიღოთ განსხვავებული გამოცდილება ისე, რომ მის მიმართ დიდი მოლოდინები არ შევიქმნათ.
ℹ აღნიშნული ტენდენციები ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს ეხება, თუმცა სავსე მთვარის ენერგიას ყველაზე მეტად ის ადამიანები იგრძნობენ, ვისაც პირად რუკაში პლანეტები, ASC, DSC, IC და MC მუტაბელური ნიშნების (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები) 14-25 გრადუსს შორის აღენიშნება. კონკრეტული ადამიანისთვის მიმდინარე და უახლესი პლანეტარული გავლენის შესაფასებლად აუცილებელია პირადი რუკის შედგენა და მისი სიღრმისეული ანალიზი.
✅ცვლილებები იწყება გაცნობიერებით. პირადი ასტროლოგიური რუკა კი სწორედ საკუთარი თავის შეცნობასა და პოტენციალის მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოყენებაში გვეხმარება.
--------
ასტროლოგი დავით ნიბლაძე